2019 წლის ივნისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 143.6 მლნ აშშ დოლარი, ანუ 398.8 მლნ ლარი შეადგინა, რაც 6.3 პროცენტით (8.5 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2018 წლის ივნისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკის ავრცელებს.
სებ-ის ცნობით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 93.4 პროცენტი იმ 17 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ივნისში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 17 ქვეყანაზე გასული წლის ივნისში მთელი ფულადი გზავნილების 93.3 პროცენტი მოდიოდა.
იმ ქვეყნების ხუთეულში, საიდანაც საქართველოში 2019 წლის ივნისში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი შემოვიდა, 34.78 მილიონი დოლარით რუსეთი ლიდერობს, მას მოსდევს იტალია, საიდანაც 19.30 მლნ ამერიკული დოლარი შემოვიდა, ხოლო მე-3 ადგილზეა საბერძნეთი 17.08 მლნ დოლარით. მე-4 და მე-5 პოზიციებს კი აშშ და ისრაელი ინაწილებენ, შესაბამისად, 15.29 მლნ და 13.38 მლნ დოლარით.
2019 წლის ივნისში საქართველოდან საზღვარგარეთ 17.5 მლნ აშშ დოლარი (48.5 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (17.9 დოლარი) შედარებით, 2.2%-ით ნაკლებია.