„რუსეთში ჩვენმა თანამოქალაქეებმა 2012-2019 წლებში 21 მლრდ დოლარის მშპ შექმნეს“

სტატისტიკოსის სოსო არჩვაძის განცხადებით, 2012-2019 წლებში რუსეთში ჩვენმა თანამოქალაქეებმა დაახლოებით 21 მილიარდი დოლარის ოდენობის მთლიანი შიდა პროდუქტი შექმნეს.

აღნიშნულის შესახებ არჩვაძე „კვირის პალიტრას“ ესაუბრა.

„ათასობით ჩვენი მოქალაქე რუსეთში მუშაობს, იქ ქმნის დოვლათს, საქართველოში გზავნის, მაგრამ იმის გამო, რომ რუსეთთან უარყოფითი სავაჭრო სალდო გვაქვს, მათი გამოგზავნილი თითქმის მთელი ფული უკან გადის. კიდევ ერთი მონაცემი მინდა გითხრათ: 2012-2019 წლებში ჩვენი მოქალაქეების მიერ რუსეთში (მათ შორის ვგულისხმობ როგორც ლეგალურად, ისე არალეგალურად დასაქმებულებს) შექმნილი ღირებულება ჯამში დაახლოებით იმდენია, რამდენიც ევროკავშირის წევრი კვიპროსის წლიური მთლიანი შიდა პროდუქტი.

ანუ ჯამში ამ წლების განმავლობაში რუსეთში ჩვენმა თანამოქალაქეებმა დაახლოებით 21 მილიარდი დოლარის ოდენობის მთლიანი შიდა პროდუქტი შექმნეს. ამიტომ, როცა რუსეთი პრეტენზიებს გამოთქვამს და ბაზრის ჩაკეტვით გვემუქრება, როგორც ჟარგონზე იტყვიან, პონტს აგდებს, რადგან იცის, რომ მისი ეკონომიკური სარგებელი ამ ურთიერთობებით არანაკლებია, თუ მეტი არა, ვიდრე საქართველოს მიერ მიღებული,“-აღნიშნა არჩვაძემ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში.