შპს „მაკნატუნაში“ მიმდინარე საგადასახადო შემოწმების მიბმა პოლიტიკური პროცესებისათვის არის მოსახლეობისთვის შეგნებულად არასწორი ინფორმაციის მიწოდების მცდელობა, - ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც მზესუმზირის მწარმოებელ კომპანიაში მიმდინარე შემოწმებას ეხება.
როგორც შემოსავლების სამსახურში აღნიშავენ, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტმა შპს „მაკნატუნას“ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია დაიწყო გასული წლის 26 ნოემბერს და ამჟამად კი მიმდინარეობს შპს „მაკნატუნას“ მიერ წარმოდგენილი მასალების დამუშავება და შესწავლა.
„საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით, გადასახადის გადამხდელის შესახებ ინფორმაცია წარმოადგენს საგადასახადო საიდუმლოებას, თუმცა მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე და მოსახლეობისთვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შპს „მაკნატუნას“ მიმართ, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის საფუძველზე მიმდინარე საგადასახადო შემოწმების პროცესი მიმდინარეობს.
აღსანიშნავია, რომ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტმა შპს „მაკნატუნას“ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია დაიწყო გასული წლის 26 ნოემბერს და ამჟამად კი მიმდინარეობს შპს „მაკნატუნას“ მიერ წარმოდგენილი მასალების დამუშავება და შესწავლა.
აღნიშნული პროცესი სრულ შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნორმებთან, კერძოდ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 261-ე მუხლის მიხედვით საგადასახადო ორგანოს უფროსს უფლება აქვს, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე გამოსცეს პირის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ან/და ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაციის ჩატარების ბრძანება კალენდარული წლის განმავლობაში არა უმეტეს 2-ჯერ, ხოლო მე-3-ჯერ ინვენტარიზაცია შესაძლებელია ჩატარდეს შემოსავლების სამსახურის უფროსის/მისი მოადგილის ბრძანებით.
აქვე ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად ყოველდღიურად ხდება ათეულობით კომპანიის შემოწმება და ეს ჩვეულებრივი პროცესია, შესაბამისად, შპს „მაკნატუნაში“ მიმდინარე საგადასახადო შემოწმების მიბმა პოლიტიკური პროცესებისათვის არის მოსახლეობისთვის შეგნებულად არასწორი ინფორმაციის მიწოდებისა და ცალკეული ჯგუფების მიერ ამ ინფორმაციის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების მორიგი მცდელობა“, - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.
მზესუმზირის მწარმოებელი კომპანიის, შპს "მაკნატუნას" წარმომადგენლების განცხადებით, ანტისაოკუპაციო კამპანიაში ჩართვის შემდეგ მათთან საგადასახადო სამსახური განმეორებით შევიდა.