„საქართველოში დახარჯული ყოველი 100 დოლარიდან დაახლოებით 40  რუსეთში გადის“

წლების მიხედვით, საქართველოში შემოდის უფრო მეტი რუსული საქონელი, ვიდრე საქართველოდან გადის - ამის შესახებ სტატისტიკოსმა სოსო არჩვაძემ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„რაც შეეხება ვაჭრობას, საკმაოდ ბევრი პოზიციით ვართ დამოკიდებული რუსეთზე და კარგი იქნებოდა, ეს დამოკიდებულება შედარებით მცირე ყოფილიყო. პირველ რიგში დავასახელებდი ხორბალს, რომლის 99% შარშან საქართველოში რუსეთიდან შემოვიდა. წლეულს ეს მაჩვენებელი ცოტა შემცირდა, მაგრამ მაინც საკმაოდ მაღალია - დაახლოებით 2/3. ნავთობპროდუქტების 30%-ზე მეტი რუსეთიდან შემოდის. ამიტომ ზოგი მიმართულებით ჩვენი დამოკიდებულება რუსეთთან საკმაოდ მოწყვლადია.

იკვეთება ერთი საინტერესო რამ: წლების მიხედვით, საქართველოში შემოდის უფრო მეტი რუსული საქონელი, ვიდრე საქართველოდან გადის. საშუალოდ, საქართველოში დახარჯული ყოველი 100 დოლარიდან დაახლოებით 40 დოლარი რუსეთში გადის. გამოდის, რუსეთს საქართველოდან საკმაოდ დიდი თანხა გააქვს. 2012 წლის შემდეგ, ვიდრე მიმდინარე წლის ივნისის ამბებამდე, ჩვენი უარყოფითი სავაჭრო სალდო რუსეთთან, არც მეტი, არც ნაკლები, 3,2 მილიარდი დოლარია; ანუ რუსეთმა საქართველოსთან ვაჭრობის შედეგად სწორედ ამ მოცულობის თანხა გაიტანა,“- აღნიშნა არჩვაძემ „კვირის პალიტრასთან“.