შემოსავლების სამსახური "მაკნატუნას" საგადასახადო შემოწმებას ახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაცია თავად სამსახურმა დაადასტურა. თუმცა, ისინი აცხადებენ, რომ „ამის პოლიტიკური პროცესებისთვის მიბმა არის მოსახლეობისთვის შეგნებულად არასწორი ინფორმაციის მიწოდების მცდელობა“.
შეგახსენებთ, რომ მზესუმზირის მწარმოებელი კომპანიის, შპს "მაკნატუნას" წარმომადგენლების განცხადებით, ანტისაოკუპაციო კამპანიაში ჩართვის შემდეგ მათთან საგადასახადო სამსახური განმეორებით შევიდა. შემოსავლების სამსახურში კი აცხადებენ, რომ „საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტმა „მაკნატუნას“ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია გასული წლის 26 ნოემბერს დაიწყო და ამჟამად კი წარმოდგენილი მასალების დამუშავება და შესწავლა მიმდინარეობს.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა თუ ვინ ფლობს აღნიშნულ კომპანიას, რომელიც ბაზრის ერთ-ერთი ლიდერია. მზესუმზირის მწარმოებელი კომპანია „მაკნატუნა“ 2007 წელს დაარსდა. პერიოდულად კი, პროდუქციის ჩამონათვალს ახალი სახეობებიც დაამატა. დღეის მდგომარეობით, კომპანია მზესუმზირას, მიწის თხილს, გოგრის მარცვლებს, სიმინდის ბურბუშელასა და ორცხობილას აწარმოებს.
რეესტრის ბოლო, 2019 წლის 25 თებერვლის ამონაწერით, „მაკნატუნას“ 25%-25%-იან წილებს - ქრისტინა ხურციძე, თათია იმედაძე, დავით ფხაკაძე და გრიგოლ გუმბერიძე ფლობენ. აღსანიშნავია, რომ კომპანიის ერთ-ერთი მფლობელს 2013 წელს „თავისუფალი დემოკრატებისთვის“ ჯამში, 6 200 ლარი აქვს შეწირული.