ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი საქართველოში გერმანიის ელჩს ჰუბერტ ქნირშის შეხვდა.
საქართველოს ეროვნული ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ გერმანია საქართველოსთვის მნიშვნელოვან, სტრატეგიულ ტურისტულ ბაზარს წარმოადგენს.
მათივე ცნობით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა და საქართველოში გერმანიის ელჩმა შეხვედრაზე ისაუბრეს, რომ ერთობლივი ძალებით შესაძლებელია საქართველოს ტურისტული პოტენციალის კიდევ უფრო მეტად წარმოჩინება გერმანიის ბაზარზე, რაც ხელს შეუწყობს გერმანიიდან საქართველოში უფრო მეტი ტურისტის მოზიდვას.
„შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო გერმანელი ტურისტებისთვის უსაფრთხო და საინტერესო მიმართულებაა თავისი მრავალფეროვანი ტრადიციებით, კულტურით, სათავგადავლო ტურიზმით და ღირსშესანიშნაობებით.
ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საქართველოში ტურიზმის განვითარების მიზნით გერმანიის მთავრობის, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა გერმანიის ელჩს მადლობა გადაუხადა იმ პროექტებისთვის რომელსაც გერმანიის მხარე საქართველოში ახორციელებს“, - აღნიშნულია ეროვნული ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.