2018 წელს საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობამ 1.32 მილიონი შეადგინა და ეს მაჩვენებელი ზრდას განაგრძნობს.
ამის შესახებ საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის კვლევაშია ნათქვამი.
კვლევის თანახმად, ამ მონაცემებიდან, მთლიანი ავტოპარკის 82,1%-ს - მსუბუქი ავტომობილები შეადგენს; 7,7%-ს - სატვირთო ავტომობილები; 4,1%-ს - ავტობუსები, მიკროავტობუსები და ფურგონები შეადგენენ; ხოლო 2,7% - აგროტრანსპორტი და სპეციალური აღჭურვილობის მქონე ავტომობილია. დარჩენილი პროცენტები კი სხვა ავტომობილებზე მოდის.
„მიგვაჩნია, რომ საქართველოს ავტოპარკის მონაცემები შეცდომაში შემყვანია, რადგან მასში მოძველებული ავტომობილებიც შედის. იმ პერიოდში, როცა ეს მონაცემები იქმნებოდა, ავტოინსპექტირება ჯერ კიდევ არ იყო ამოქმედებული. ვფიქრობთ, რომ ავტოინსპექტირების დამსახურებით, 2020 წლისთვის ავტომობილების რეალური რიცხვი ცნობილი გახდება“, - აღნიშნულია კვლევაში.
Galt & Taggart-ის კვლევის თანახმად, გარემოს მიმართ მეგობრული ავტომობილების რიცხვი ისევ ძალიან ნელი ტემპით იზრდება. 2016 წელს, საქართველოს ავტოპარკში 0-6 წლამდე ავტომობილების წილი 3,4%-დან (40.3 ათასი) გაიზარდა და 2018 წლისთვის 5,8%-მდე ავიდა (76,7 ათასი).
„იმისთვის, რომ გარემოსთან მეგობრული ავტომობილების იმპორტთან დაკავშირებით სრული სურათი დავინახოთ, ამ მონაცემებიდან, უნდა გამოვყოთ ჰიბრიდებისა და ელექტრომობილების წილი. 2016 წელს ჰიბრიდული და ელექტრომობილების წილი 0,7%-იყო (7.9 ათასი ავტომობილი), 2018 წლისთვის კი 3,8% შეადგინა (50.0 ავტომობილი),“-ვკითხულობთ კვლევაში.
ამასთან, Galt & Taggart მიიჩნევს, რომ გაყიდვებით Toyota სავარაუდოდ, Mercedes-Benz-ს გადაასწრებს და საქართველოს ავტოპარკის ლიდერი ბრენდი გახდება.
„2018 წელს ადგილობრივი ავტოპარკის 50,1%-ს Mercedes-benz, Vaz, Opel, Ford და Toyota წარმოადგენდა. Mercedes-Benz-ის C და E კლასის ავტომობილები ქართველი მომხმარებლების საყვარელი მოდელებია, მაგრამ ამ მანქანების უმრავლესობა 14 წელზე მეტი ასაკისაა. იმის გათვალისწინებით, რომ ჰიბრიდებსა და ელექტრომობილებზე მოთხოვნა იზრდება, საშუალო ვადაში Toyota Mercedes-benz-ზე პოპულარული უნდა გახდეს. ამ ტრენდს ავტოპარკში Toyota-ს წილის ზრდაც ადასტურებს. კერძოდ, 2015 წელს 4,1%-დან, 2018 წლისთვის Toyota-ს ზრდის პროცენტული მაჩვენებელი 7,7% გახდა, მაშინ, როცა Mercedes-Benz-ის წილი 2015 წელსაც და 2018 წელსაც 13,2% იყო,“- ნათქვამია კვლევაში.
მარიამ მენაბდიშვილი