2018 წელს საქართველოდან აზერბაიჯანში ავტომობილების ექსპორტმა 47% შეადგინა, სომხეთში - 24%, ხოლო უკრაინაში - 12%.
საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის მონაცემებით, ეს იმ სამი ქვეყნის ჩამონათვალია, სადაც საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტი ყველაზე დიდი ოდენობით ხორციელდება. ამის შესახებ კომპანიის 2019 წლის ივლისის კვლევაშია ნათქვამი, რომელიც საავტომობილო ბიზნესის მიმოხილვას მოიცავს.
რაც შეეხება დანარჩენ ქვეყნებს, 2018 წელს ავტომობილების 5% ყირგიზეთში განხორციელდა, 2% - რუსეთში, ხოლო 7% - სხვა დანარჩენ ქვეყნებში. ჯამში, აღნიშნულ ქვეყნებში ექსპორტირებული ავტომობილების ღირებულებამ 2018 წელს 409 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. Galt & Taggart-ს აღნიშნული მონაცემების წყაროდ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვს გამოყენებული.
Galt & Taggart-ის კვლევაში აღნიშნულია, რომ 2014 წელს აზერბაიჯანში, საქართველოს უმსხვილეს საექსპორტო ბაზარზე ახალი ევრო - 4 რეგულაციები ამოქმედდა. რეგულაციების თანახმად, ქვეყანაში მხოლოდ 2005 წლის შემდეგ წარმოებული ავტომობილების იმპორტი უნდა განხორციელდეს.
„2015-2016 წლებში, რეგიონში ეკონომიკის ზრდის შენელებამ საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტზეც მოახდინა ზეგავლენა. უფრო კონკრეტულად, 2014-2016 წლებში, აზერბაიჯანში ექსპორტი მნიშვნელოვნად შემცირდა, თუმცა 2017 წელს ვითარება გამოსწორდა“, - ნათქვამია კვლევაში.
Galt & Taggart-ის ინფორმაციით, საქართველოდან ძვირადღირებული ავტომობილების ექსპორტით პირველ პოზიციას აზერბაიჯანი იკავებს, ექსპორტირებული ავტომობილების რაოდენობით კი - სომხეთი.
„2017 წელს, რეექსპორტის თვალსაზრისით, უკრაინა საქართველოსთვის მესამე უმსხვილესი ბაზარი გახდა. აღნიშნული ტენდენცია 2016 წლის აგვისტოში უკრაინაში მიღებულმა კანონმა განაპირობა, რომლის თანახმადაც, 2010 წლის შემდეგ გამოსულ ავტომობილებზე აქციზის გადასახადი შემცირდა. შედეგად, 2018 წელს საქართველოდან უკრაინაში ექსპორტირებული ავტომობილების ღირებულებამ 49,9 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა (12%). კარგი სავაჭრო ინფრასტრუქტურისა და ცოდნის გათვალისწინებით, არ გამოვრიცხავთ, რომ ქართველი ავტო დილერები ახალ ბაზრებზე შევიდნენ, თუ შესაძლებლობები გამოჩნდება“, - ნათქვამია კვლევაში.
მარიამ მენაბდიშვილი