დღეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა, რაც ნიშნავს პირდაპირ წვდომას ევროკავშირის სივრცეში 15 ათასზე მეტ ორგანიზაციასთან ანუ ნებისმიერ ქართველ მეცნიერს და ქართულ სამეცნიერო ინსტიტუციას მიეცემა შესაძლებლობა, რომ ისარგებლოს პირდაპირ იმ ბენეფიტებით, რომლებიც არსებობს ევროკავშირის შიგნით, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, სპორტისა და კულტურის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
ბატიაშვილის თქმით, მხარეთა მიერ მზაობის გამოხატვის ხელშეკრულება სექტემბერში გაფორმდება.
“საქართველომ მიიღო მოპატიჟება, რომ გახდეს EURAXESS-ის წევრი, რომელიც არის ევროკავშირის ინოვაციების და მეცნიერების ორგანიზაცია, რაც ნიშნავს, ფაქტობრივად, ქართული მეცნიერების ინტეგრაციას ევროკავშირის სივრცეში. როდესაც განათლების რეფორმებზე ვსაუბრობდით, ერთ-ერთი მთავარი ხაზი რაც იყო, რაც შეიძლება მეტი ინსტიტუციის დაახლოება და ინტეგრაცია ევროპულ სტრუქტურებში. ამ პროექტს უძღოდა რამდენიმეთვიანი უზარმაზარი სამუშაო, მაგრამ საქართველომ დააკმაყოფილა ყველა სტანდარტი და დღეს შეგვიძლია ამაყად განვაცხადოთ, რომ ფაქტობრივად, საქართველოს მეცნიერების ინტეგრაციის პროცესი დაიწყო ევროპულ სივრცეში, რაც ნიშნავს მეტ ერთობლივ პროექტს, მარტო EURAXESS-ის ფარგლებში ყოველწლიურად რამდენიმე მილიარდის პროექტი იხარჯება სწორედ ასეთი კვლევების მიმართულებით და ეს ყველაფერი უკვე გახსნილი იქნება ქართველი მეცნიერებისათვის,”- განაცხადა ბატიაშვილმა.
მინისტრმა ასევე ისაუბრა ქართველი მეცნიერების წარმატების შესახებ, რომლებსაც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამეცნიერო ბაზის Web of Science-ს მიხედვით პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის, ყველაზე მაღალი ციტირების ინდექსი აქვთ.
“web of science არის ყველაზე ავტორიტეტული პორტალი მეცნიერების კუთხით, სადაც საქართველო გახდა ლიდერი პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, რაც გულისხმობს იმას, რომ გვაქვს სტატიების რაოდენობის სიმცირე, მაგრამ ციტირების ინდექსი ანუ ჩვენი სტატიების გამოყენების ინდექსი სხვა მეცნიერების მხრიდან იმდენად მაღალია, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში პირველ ადგილზეც ვართ. ჩვენი სამეცნიერო ნაშრომების ხარისხზე არამარტო ჩვენ, არამედ მსოფლიო ავტორიტეტული ორგანიზაციაც მეტყველებს, ახლა მთავარია კიდევ უფრო მეტი ნაბიჯი გადაიდგას წინ და მეტი პროექტი განხორციელდეს”,- განაცხადა ბატიაშვილმა.