"2020 წლისთვის ჩვენი ავტომაგისტრალი, რომელიც ინფრასტრუქტურული განვითარების მთავარი პროექტია, მშენებლობის რეჟიმში იქნება"

2020 წლისთვის ჩვენი ავტომაგისტრალი, რომელიც ინფრასტრუქტურული განვითარების მთავარი პროექტია, იქნება სრულ მშენებლობის რეჟიმში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „ვისოლ ჯგუფის“ მიერ დასვენებისა და მომსახურების მორიგი კომპლექსის გახსნის შემდგომ განაცხადა.

მისი თქმით, ავტომაგისტრალზე არაერთი პროექტის განხორციელება იგეგმება, რაც ქვეყანას ჩამორჩენების აღმოფხვრაში დაეხმარება.

"დღეს მშენებარე ჩქაროსნული მაგისტრალის 2 მონაკვეთი დავათვალიერეთ. ერთი გახლავთ ქუთაისის შემოვლითი, ხოლო მეორე ოსიაური-ჩუმათელეთის მონაკვეთი. ორივე მონაკვეთი, საინჟინრო თვალსაზრისით, გახლავთ საკმაოდ რთული და კომპლექსური. ძალიან კარგია, რომ მშენებლობა მიდის ვადების დაცვით და უკვე 2020 წლის მეორე ნახევარში, ორივე მონაკვეთის დიდი ნაწილი იქნება დამთავრებული, რაც ძალიან შეამცირებს მანძილს და ამავე დროს, მოძრაობას გახდის უფრო უსაფრთხოს. ამასთან ერთად, უკვე მზადდება ტენდერები დარჩენილ მონაკვეთებზე და აქედან გამომდინარე, უკვე შესაძლებელია ითქვას, რომ 2020 წლისთვის ჩვენი ავტომაგისტრალი, რომელიც მთავარი პროექტია ჩვენი ინფრასტრუქტურული განვითარების, იქნება სრულ რეჟიმში, მშენებლობის რეჟიმს ვგულისხმობ. ამასთან, ერთად მომავალ წელს იგეგმება სხვა პროექტების დაწყება, რომლებიც გათვალისწინებული არ იყო წინასწარი გრაფიკით. ეს ჩვენ საშუალებას მოგვცემს, რომ იმ მონაკვეთებზე აღმოვფხვრათ გარკვეული ჩამორჩენები, რომლებიც გვქონდა,"- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.