რამდენი დამტვრეული და მეორადი ავტომობილი შემოდის საქართველოში, არ აღირიცხება. ამის შესახებ Galt & Taggart-ის ანალიტიკოსმა თათია მამრიკიშვილმა რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ ორგანიზაციის ავტობიზნესის კვლევაზე საუბრისას განაცხადა.
„ქვეყანაში ძირითადად მეორადი, დაზიანებული ავტომობილები შემოდის, რომელსაც მერე აკეთებენ და ასეთი ავტომობილები მოძრაობს გზებზე. ამ მიმართულებით არანაირი რეგულაცია არ გვაქვს, რაც შეზღუდავდა ასეთი ავტომობილების იმპორტს, თუმცა, მომავალში ტექინსპექტირება გამკაცრდება, რაც ხელს შეუწყობს, რომ მსგავსი ავტომობილები ნაკლებად შემოვიდეს ქვეყანაში.
რაც შეეხება სტატისტიკას, ოფიციალურ მონაცემებს შესაბამისი უწყებებიდან ჩვენც ვითხოვთ, მაგრამ მათი პასუხია, რომ როდესაც შემოდის ავტომობილები, არ არის მითითებული ის ახალია, დამტვრეული, მეორადი თუ ა.შ. შესაბამისად, ამ სტატისტიკის დამუშავება ხელმისაწვდომი არ არის, რადგან ფიზიკურად არ აღირიცხება რამდენია დამტვრეული და რამდენი ახალი,“- განაცხადა მამრიკიშვილმა.
Galt&Taggart-ის კვლევის მიხედვით, 2010-2018 წლების განმავლობაში ავტობიზნესის წლიური ბრუნვა 14,8%-ით გაიზარდა და 2018 წელს 2.6 მილიარდი ლარი შეადგინა. 2018 წლის მონაცემებით, წლიური ბრუნვის მიხედვით, ბიზნესის წამყვან ქვესექტორებს სამი მიმართულება წარმოადგენს: ავტომობილების გაყიდვა - 64,7%; ავტონაწილები - 31,9%; ავტოსერვისი - 3,4%. რაც შეეხება ავტოპარკს, 2018 წელს საქართველოს ავტოპარკს 3.4 ათასი ახალი ავტომობილი დაემატა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობამ 1.32 მილიონი შეადგინა.