ყველაზე ხშირად კომპანიები ბიზნესომბუდსმენის აპარატს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან და მასში შემავალ სხვადასხვა უწყებებთან შუამდგომლობის თხოვნით მიმართავენ, - ამის შესახებ ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ „ინტერპრესნიუსს“ ბიზნესომბუდსმენის აპარატის 2019 წლის 6 თვის საქმიანობის სტატისტიკის კომენტირებისას განუცხადა.
მისივე თქმით, კომპანიების უმრავლესობა მცირე და საშუალო ბიზნესია და მომართვიანობის ძირითადი ნაწილი უკავშირდება საგადასახადო ადმინისტრირებასთან დაკავშირებულ საკითხებს.
ამასთან, როგორც ბიზნესომბუდსმენმა აღნიშნა, მიმდინარე წლის 6 თვეში ბიზნესომბუდსმენის აპარატში 171 საქმე დარეგისტრირდა.
"მომართვიანობის 40% წარმოების, საცალო და საბითუმო ვაჭრობის სფეროებში დასაქმებული კომპანიების მხრიდან ფიქსირდება. მომართვიანობის მიხედვით ყველაზე აქტიური თბილისია. 2019 წლის 6 თვეში ბიზნესომბუდსმენის აპარატში დარეგისტრირებული საქმეების 60% თბილისიდანაა (100 განცხადება), შემდეგ მოდის აჭარა 29 განცხადებით, "-განაცხადა ლექვინაძემ.
ბიზნესომბუდსმენის განმარტებით, მეწარმეების მომართვის საფუძველზე 2019 წლის 6 თვეში ბიზნესომბუდსმენის აპარატმა ბიზნესის ინტერესების მხარდასაჭერად 44 შუამდგომლობა, 29 რეკომენდაცია და 17 სამართლებრივი დასკვნა გააგზავნა (სულ 90) და ამ პერიოდში დასრულებული საქმეების 78%-ში სახელმწიფო უწყებებმა ბიზნესომბუდსმენის პოზიცია სრულად ან ნაწილობრივ გაითვალისწინეს.
"ბიზნესომბუდსმენის მონაწილეობით ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოში 15 კომპანიის საქმე განიხილეს და 90%-ში (14 საქმე) ბიზნესომბუდსმენის აპარატის პოზიცია ფინანსთა სამინისტრომ სრულად ან ნაწილობრივ გაითვალისწინა," -განაცხადა ბიზნესომბუდსმენმა.