სადახლოზე, სარფსა და წითელ ხიდზე არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტებში „სადახლო-საავტომობილო“, „სარფი“, „წითელი ხიდი“ და „ნინოწმინდა“ 9-17 ივლისს არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანასთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის მოქალაქეების ფიზიკური და მათი კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, ჯამში, 20,640 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი და თითოეულს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, ათას-ათასი ლარის ოდენობით შეეფარდათ.