„თხილის გადარჩენის პროგრამის“ მიმდინარეობის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოსა და თხილის მწარმოებელთა ასოციაციის სამუშაო შეხვედრაზე იმსჯელეს.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, დარგის სპეციალისტებმა თხილის ნარგავებში ჩატარებული აგროსამუშაოების შედეგები და სამომავლო ღონისძიებები განიხილეს.
„აღინიშნა, რომ ძირითადი შედეგი მიღწეულია - ფერმერები აქტიურად ასრულებენ თხილის ბაღში შეწამვლის სამუშაოებს, თუმცა სამუშაოები გრძელდება და აუცილებელია, ჩატარდეს ბოლო ორი მთავარი შეწამვლაც.
ამ დროისთვის ასოციაციამ „თხილის გადარჩენის პროგრამაში“ გააწევრიანა 15 000-მდე ფერმერი, რომლებიც აქტიურად ატარებენ შეწამვლით სამუშაოებს და რეკომენდაციებს იღებენ ასოციაციის აგრონომ-კონსულტანტებისგან.
აგრონომები ფერმერებს ურჩევენ, რომ ახლა, როდესაც თხილმა ნაყოფი გამოიტანა, ინტენსიურად გააგრძელონ მოსავლის დაცვის ღონისძიებები, რადგან თხილის მაღალი ხარისხი მე-5 და მე-6 წამლობაზეა დამოკიდებული.
მოსავლის აღებამდე ცოტა დრო რჩება და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ბრძოლის გაგრძელება როგორც აზიური ფაროსანას, ძირითადად კი სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ. მიუხედავად იმისა, რომ წელს მავნებლის რაოდენობა მნიშვნელოვნად არის შემცირებული, მას მოსავლის დაზიანება ნებისმიერ დროს შეუძლია.
შეწამვლისას აუცილებელია უსაფრთხოების წესების დაცვა. თხილი უნდა შეიწამლოს დილით ადრე, ნამის შეშრობის შემდეგ ან გვიან საღამოს,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, „თხილის გადარჩენის პროგრამა“ ხორციელდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), Ferrero-სა და CNFA-ს “საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტის” მხარდაჭერით.
პროგრამის ფარგლებში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ თხილის მწარმოებელთა ასოციაციას გადასცა შესაწამლი აპარატები, რითიც მეთხილე ფერმერები აგროსამუშაოებს ატარებენ.