ტოკიო ნახევარ მილიონ ადამიანზე მეტს სახლიდან გაუსვლელად მუშაობისკენ მოუწოდებს.
ეს საცდელი სქემის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს, 2020 წლის ოლიმპიური თამაშების წინ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადატვირთულობის პრობლემის მოგვარებას. CNN-ის ინფორმაციით, ტოკიოში ყოველდღიურად 20 მილიონი ადამიანი საზოგადოებრივ ტრანსპორტს იყენებს. შესაბამისად, ადგილობრივ ხელისუფლებას გონივრული შიში აქვს, რომ ტოკიოში ოლიმპიური და პარაოლიმპიური თამაშების საყურებლად ჩასული დამატებით 600 ათასზე მეტი ადამიანი ისედაც გადატვირთულ სატრანსპორტო სისტემას კიდევ უფრო გადატვირთავს.
სამგზავრო ქაოსისგან თავის არიდების მიზნით იაპონიის ხელისუფლებამ დისტანციურად მუშაობის სქემა შეიმუშავა, რომელშიც დასაქმებულებს მოუწოდებენ რომ 24 ივლისიდან, სულ მცირე, 2 კვირის განმავლობაში სახლიდან იმუშაონ. იაპონიის ეკონომიკის, ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრი იმედოვნებს, რომ 3000 კომპანიის 600 000 თანამშრომელზე მეტი ცდაში მონაწილეობას მიიღებს.
ტოკიოს მეტროს გადატვირთულობა საყოველთაოდ ცნობილია - სინძუკუს მეტროსადგურს ყოველდღიურად საშუალოდ 3,64 მილიონი მგზავრი იყენებს, აღნიშნული მეტროსადგური გინესის მსოფლიო რეკორდსმენია და მსოფლიოში ყველაზე გადატვირთულ სადგურად ითვლება, მას დაახლოებით 200 გასასვლელი აქვს.
რკინიგზისა და მეტროპოლიტენის ხაზებზე ოფიციალურად არიან დაქირავებული ადამიანები, რომელთა მთავარი ამოცანაა, უკვე გადავსებულ ვაგონში, რაც შეიძლება მეტი ადამიანი და მათი ხელბარგი „შეტენონ“.
ექსპერტები სერიოზულად არიან შეშფოთებულები ოლიმპიური თამაშების შესაძლო გავლენით საზოგადოებრივ ტრანსპორტზე. ტოკიოში ოლიმპიური თამაშები 2020 წლის 24 ივლისს დაიწყება და 9 აგვისტომდე გაგრძელდება, მას კი პარაოლიმპიური თამაშები მოჰყვება, რომელიც 9 სექტემბერს დასრულდება. ექსპერტები ამბობენ, რომ პიკის საათებში მატარებლები 200%-ით შეივსება.
მოამზადა სალომე აბულაშვილმა