ვალუტის კურსის მერყეობა კვლავ რჩება მთავარ გამოწვევად დღევანდელი ბიზნესგარემოსთვის, - ამის შესახებ ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ ჟურნალისტებს ბიზნესომბუდსმენის აპარატის საქმიანობის 6 თვის ანგარიშის წარდგენისას განუცხადა.
მისი განცხადებით, რუსეთის მხრიდან დაწესებულმა შეზღუდვებმა ლარის კურსზე მოახდინა გავლენა. ამასთან, უარყოფითად აისახა ტურიზმის ინდუსტრიაზე.
"საჰაერო მიმოსვლის და ტურისტული ნაკადების მკვეთრმა შემცირებამ შესაბამისი ასახვა მოახდინა ტურისტულ ინდუსტრიაზე და მასთან დაკავშირებულ დარგებზე. ეს გავლენა შემდეგი რამდენიმე თვის განმავლობაში შესამჩნევი იქნება. შექმნილმა მოლოდინებმა გავლენა მოახდინა ეროვნული ვალუტის კურსის ახალი წონასწორობის წერტილის ფორმირებაზე, შესაბამისად, კურსის მერყეობა აღნიშნული შიდა ფაქტორების გავლენით კვლავ რჩება მთავარ გამოწვევად დღევანდელი ბიზნეს გარემოსთვის," - აცხადებს ლექვინაძე.
მისივე თქმით, ასეთ დროს მნიშვნელოვანია პოლიტიკური პროცესის ზეწოლის ნეიტრალიზაცია და ეროვნული ბანკის მხრიდან მაქსიმალური კოორდინაცია და კომუნიკაცია ბიზნესთან, რადგან ნეგატიური მოლოდინების წილი ვალუტის კურსის ფორმირების პროცესში მინიმალური იყოს. ასევე, მნიშვნელოვანია არსებულ ვითარებაში ბაზრების კიდევ უფრო დივერსიფიკაცია.
ბიზნესომბუდსმენის განცხადებით, აქტუალურ საკითხად რჩება სხვადასხვა ბიზნეს სექტორებისთვის, მათ შორის სამშენებლო და საცალო ვაჭრობის სფეროებში დასაქმებული კომპანიებისთვის, საბანკო რეგულაციების გავლენა. ასევე, მნიშვნელოვანია თამბაქოს იმპორტიორი და რეალიზატორი კომპანიების საქმიანობაზე თამბაქოს კონტროლის შესახებ მიღებული ახალი რეგულაციების გავლენა, კომპანიების შეფასებით, მათი ბიზნეს აქტივობა და რეალიზაციის მაჩვენებელი 30-40% არის შემცირებული. ღიად რჩება საკითხი, დაჭრილი თამბაქოს დაბეგვრის, აქციზის გათანაბრების და თამბაქოს ახალი პროდუქტის დეფინიციასთან დაკავშირებით.