"ელექტრონული ვიზის ფორმა სრულყოფილი არ არის, ის დეტალურ ინფორმაციას არ იძლევა, რის საფუძველზეც სწრაფად მოხდება ინდოეთიდან  ტურისტების შემოშვება"

ვიზების თვალსაზრისით, საქართველო ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური ქვეყანაა. ზუსტად ამან შეუწყო ხელი ტურიზმის ზრდას, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ სავიზო პროცედურების გამარტივებასთან, მათ შორის ელექტრონულ ვიზებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, 2012 წლის გაზაფხულზე რუსეთის მოქალაქეებს ცალმხრივად მოეხსნათ ვიზები, რამაც ვიზიტორებს დამატებითი კარი გაუხსნა. მინისტრის შეფასებით, ეს სწორი პოლიტიკაა.

"არსებობს გარკვეული ტექნიკური ბარიერები ინდოეთის მიმართულებით. ჩვენ ამაზე ვმუშაობთ. სამუშაო ჯგუფები გვაქვს შექმნილი საგარეო საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებთან ერთად. სუფთა ტექნიკური პრობლემაა, ელექტრონულ შევსებასთან, ელექტრონულ აპლიკაციასთან დაკავშირებით. გვაქვს გეგმა და ვახორციელებთ ამას. ეს მნიშვნელოვანი საკითხია, ეს პრობლემა მოგვარდება", -განაცხადა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, როდესაც ვიზებთან დაკავშირებით ელექტრონული ფორმა გახდება დეტალური, საზღვარზე შენიშვნების ფიზიკური პრობლემა მოიხსნება.

"პრობლემა არის სწორედ ის, რომ თვითონ ელექტრონული ვიზის ფორმა არ არის დეტალური და სრულყოფილი. ის იმ დეტალურ ინფორმაციას არ იძლევა, რის საფუძველზეც შემდგომ საზღვარზე უპრობლემოდ და სწრაფად მოხდება ინდოეთიდან მომავალი ტურისტების შემოშვება. ეს ურთიერთდაკავშირებული თემებია და ჩვენ, როგორც გითხარით, კონკრეტული გეგმა გვაქვს, როგორ განვავრცოთ ეს ვიზის ელექტრონული ფორმა. ეს მომზადებულია შსს-ს, იუსტიციის და საგარეო საქმეთა სამინისტროებთან ერთად ", - აღნიშნა ნათია თურნავამ.