G7 ჯგუფის ქვეყნების ფინანსთა მინისტრები კომპანია Facebook-ის გეგმასთან დაკავშირებით, გამოუშვას საკუთარი ციფრული ვალუტა Libra შეშფოთებულები არიან და შეთანხმდნენ, რომ სწრაფ რეაგირებას მოახდენენ სიტუაციაზე.
ამის შესახებ სააგენტო AFP საფრანგეთში მიმდინარე მინისტრების შეხვედრაზე დაყრდნობით წერს.
მანამდე საკუთარი სკეპტიციზმი და უკმაყოფილება აღნიშნულთან დაკავშირებით, შვიდეულის ცალკეული ქვეყნის მინისტრებმა სხვადასხვა გამოცემებთან გამოთქვეს, მათ შორის იყვნენ იტალიის, იაპონიისა და აშშ-ის ფინანსური უწყებების ხელმძღვანელები. ისინი სხვადასხვა ტიპის საფრთხეებს ხედავენ აღნიშნულთან დაკავშირებით, მათ შორის პირველ რიგში ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსებასთან დაკავშირებულს. მათივე თქმით, საჭიროა რომ Libra არ ტრანსფორმირდეს როგორც სუვერენული ვალუტა.
როგორც ცნობილია, ერთი თვის წინ Facebook-მა გამოაცხადა, რომ მუშაობს საკუთარ კრიპტოვალუტაზე Libra, რომლის ჩაშვებას 2020 წლისთვის გეგმავს. მისი ფუნქციონირება მოხდება ბლოკჩეინ ტექნოლოგიაზე დაყრდნობით და მისი გადაცვლა ისეთივე მარტივი იქნება როგორც „მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნა“, - აცხადებენ კომპანიაში.
Libra-ს მმართველ კონსორციუმში მილიონობით ინვესტიციების ჩადებას გეგმავენ ისეთი კომპანიები, როგორებიც არიან: Visa, Mastercard, PayPal და Uber.