კომპანია Amazon-თან დაკავშირებით, ევროკომისიამ ანტიმონოპოლიური გამოძიება წამოიწყო, რომელიც შესაძლოა არღვევდეს ევროკავშირის წესებს კონკურენციის შესახებ საცალო და საბითუმო კლიენტების კონფიდენციალური ინფორმაციის გამოყენებასთან დაკავშირებით.
ამის შესახებ ევროკომისიის პრესსამსახური იუწყება.
ევროკომისია განცხადებაში ხაზს უსვამს, რომ ევროპელი მომხმარებლები სულ უფრო ხშირად აკეთებენ შენაძენს ონლაინ. ელექტრონულმა კომერციამ კი ფართო არჩევანისა და კარგი ფასების წყალობით, საცალო ბაზარზე კონკურენცია გაზარდა.
„ჩვენ გარანტია უნდა მივცეთ მომხმარებლებს, რომ მსხვილი ონლაინ პლატფორმები ამ უპირატესობებს არ გამოიყენებენ ანტიკონკურენტული ქცევების ხარჯზე. ამიტომ გადავწყვიტეთ ძალიან ყურადღებით შევისწავლოთ კომპანია Amazon-ის საქმიანი პრაქტიკა და მისი როგორც ბაზრისა და საცალო გამყიდველის ორმაგი როლი, რათა შევაფასოთ თუ რამდენად შეესაბამება ის ევროკომისიის კონკურენციის წესებს“, - განაცხადა ევროკომისარმა კონკურენციის საკითხებში მარგრეტე ვესტაგერმა.
ევროკომისიის წინასწარი შეფასებით, Amazon გამყიდველების კონფიდენციალურ ინფორმაციას იყენებს.