Microsoft და AT&T მრავალწლიან თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ

კორპორაცია Microsoft და სატელეკომუნიკაციო კომპანია AT&T მრავალწლიანი პარტნიორობის შესახებ შეთანხმდნენ, რომლის თანახმადაც, AT&T მიიღებს უფლებას გამოიყენოს ღრუბლოვანი სერვისი Microsoft Azure, ასევე სერვისების პაკეტი Microsoft Office 365.

აღნიშნულის შესახებ კომპანიების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში წერია.

შეთანხმების პირობების მიხედვით, ტელეკომუნაკაციების კომპანიისთვის ღრუბლოვანი მომსახურების სფეროში Microsoft-ი პრიორიტეტული პარტნიორი გახდება. ისინი ასევე შეთანხმდნენ, რომ ითანამშრომლებენ ხელოვნური ინტელექტისა და 5G ტექნოლოგიების სფეროებში. შეთანხმების მოცულობა 2 მილიარდ დოლარს აღემატება.

კომპანიები ასევე შეთანხმდნენ თანამშრომლობაზე სოციალურ პრობლემებთან დაკავშირებით, მაგალითად უსახლკაროების პრობლემებზე და სხვა მიმართულებით.

კოკა კვირკველია