აშშ თურქეთს თანამედროვე თვითმფრინავის „ეფ35“-ის პროგრამიდან რიცხავს

ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებამ ოფიციალურად განაცხადა, რომ თურქეთს მრავალფუნქციური თანამედროვე თვითმფრინავის „ეფ 35“-ის პროგრამიდან გარიცხავენ. „აშშ და „ეფ35“-ის სხვა პარტნიორები თურქეთის ამ პროგრამიდან ამოღების გადაწყვეტილებაზე თანხმდებიან და ვიწყებთ თურქეთის ამ პროგრამიდან ოფიციალური გარიცხვის პროცესს“, - განაცხადა აშშ-ს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ შესყიდვებისა და მომარაგების საკითხებში ელენ ლორდმა.

თურქეთის მიერ რუსული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის შეძენის შემდეგ ეს გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო. თურქეთში „ეს 400“-ის კომპონენტების ჩატანა რამდენიმე დღის წინ დაიწყო და აქტიურად მიმდინარეობს. აშშ დიდხანს ცდილობდა რუსული იარაღის შეძენა გადაეთქმევინებინა ოფიციალური ანკარისთვის, მაგრამ უშედეგოდ.

თურქეთის საგარეო უწყებამ საპასუხოდ განაცხადა, რომ აშშ-ის და პარტნიორების ეს ნაბიჯი უსამართლოა და შეიძლება გავლენა იქონიოს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზე.

ამ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.