ჰოლივუდის მიერ საქართველოში ფილმის გადასაღებად მაქსიმუმ 31.358 მლნ ლარი უნდა დაიხარჯოს.
ამის შესახებ, მთავრობის განკარგულებაშია აღნიშნული.
„შპს „ენკენი ფილმს FF9“-ის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე დახარჯული მთლიანი კვალიფიციური ხარჯის მაქსიმალურ ოდენობად განისაზღვროს 31 358 162.68 ლარი,“-აღნიშნულია განკარგულებაში.
შეგახსენებთ, რომ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინფორმაცით, პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში, ერთ-ერთი ჰოლივუდური ფილმის გადაღებები დაიწყება. მათივე ცნობით, საქართველოში გადაღებებს ქართული საპროდუსერო კომპანია „ენკენი ფილმს FF9“ უზრუნველყოფს. ამის შესახებ სააგენტომ ინფორმაცია 6 ივლისს გაავრცელა, თუმცა, სააგენტოში ჯერ არ აკონკრეტებენ თუ რა ფილმის გადაღებას გეგმავს ჰოლივუდი საქართველოში.
მაგრამ „ბიზნესპრესნიუსის“ ინფორმაციით, საქართველოში „ფორსაჟი9“-ის გადაღებები იგეგმება. ამის შესახებ, „ბიზნესპრესნიუსი“ ჯერ კიდევ 5 ივლისს წერდა. კერძოდ, ჩვენი ინფორმაციით, საქართველოში ფორსაჟი 9-ის“ 10 წუთიან მონაკვეთის გადაღება იგეგმება. გადაღებები დედაქალაქში აგვისტოში დაიწყება. აღნიშნულთან დაკავშირებით, თბილისს ჰოლივუდიდან 200-მდე სტუმარი ეწვევა. ამასთან, ჩამოჰყავთ სპეცტექნიკა, მათ შორის სპეცტრაილერი, რომელიც ფილმის სიუჟეტის თანახმად, ბეთანიაში დიდი სიმაღლიდან გადავარდება. ამასთან, შესაძლოა, გადაღებების ფარგლებში თბილისში რამდენიმე ცენტრალური ქუჩაც გადაიკეტოს. მათ შორის, საუბარია, ვაჟა-ფშაველას გამზირისა და ძველი თბილისის ნაწილზე.
ცნობისთვის, „ფორსაჟის“ მე-9 ნაწილის ტელეეკრანებზე გამოჩენა 2020 წელს არის დაგეგმილი. ფილმის მსახიობები ვინ დიზელი, დუეინ ჯონსონი, მიშელ როდრიგესი და სხვები არიან.