„დღეს გვაქვს შესაძლებლობა ქართული პროდუქტები რუსულ ბაზარზე გავიტანოთ, ამაში რა არის ცუდი?"

ქვეყნის დასავლურ კურსზე არანაირი კითხვის ნიშანი არ არსებობს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, საქართველო ევროპასთან ისე ახლოს არ ყოფილა, როგორც დღეს არის.

„ქვეყნის დასავლურ კურსზე არანაირი კითხვის ნიშანი არ არსებობს, ამის დამადასტურებელია ხელისუფლების ქმედებები, 2012 წლიდან დაწყებული, ისე ახლოს ევროპასთან საქართველო არ ყოფილა, როგორც დღეს არის. ეს არის ასოცირების ხელშეკრულება, რომელიც ჩვენი ხელისუფლების პირობებში გაფორმდა, ეს არის ვიზალიბერალიზაცია, რომელიც ჩვენი ხელისუფლების პირობებში მოხდა და ნამდვილად მეამაყება ის, რომ დღეს ქართული პასპორტით შემიძლია ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში ვიზის გარეშე შევიდე უპრობლემოდ, ყოველგვარი კითხვების გარეშე - ეს არის ჩვენი ხელისუფლების მიღწევა, თუმცა ამაზე არ უნდა გავჩერდეთ. უნდა გავაგრძელოთ რეფორმების განხორციელება და ქვეყნის ეკონომიკური განვითარება“, - განაცხადა კალაძემ.

ამასთან, კალაძე მიიჩნევს, რომ პარალელურად აუცილებელია პრაგმატული პოლიტიკა რუსეთთან.

„ის, რომ დღეს გვაქვს შესაძლებლობა ქართული პროდუქტები რუსულ ბაზარზე გავიტანოთ, ამაში რა არის ცუდი? მთელი მსოფლიო და ევროპა იბრძვის, რომ როგორმე მოხვდეს რუსულ ბაზარზე. ჩვენ გვაქვს დივერსიფიცირებული - შეგვიძლია ჩინეთში გავიტანოთ, შეგვიძლია ევროპის ქვეყნებში, ამერიკაში, რუსეთშიც გავიტანოთ. ამ შემოსავლებს ხომ ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა იღებს, ის ადამიანები, რომლებიც 24 საათის განმავლობაში შრომობენ იმისთვის, რომ ხვალინდელი დღე მისთვის უკეთესი იყოს. ასე რომ, ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია“, - განაცხადა კალაძემ.