„მხარეს „რუსთავი 2“-ს საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გასასაჩივრებლად 3 თვის ვადა აქვს"

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, მხარეს „რუსთავი 2“-ს საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გასასაჩივრებლად 3 თვის ვადა აქვს.

როგორც წულუკიანმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, გასაჩივრებას არ ექვემდებარება შეჩერების მექანიზმის მოხსნა.

„რაც შეეხება გადაწყვეტილების ძალაში შესვლას, ერთადერთი ნაწილი ამ გადაწყვეტილების, რომელიც გასაჩივრებას არ ექვემდებარება, არის შეჩერების მექანიზმის მოხსნა. გადაწყვეტილებაში პირდაპირ წერია, რომ ვინაიდან „რუსთავი 2“-ის ყველა სასარჩელო მოთხოვნა დაუშვებლად იქნა ცნობილი, სასამართლო აღარ თვლის საჭიროდ, რომ შეჩერების ღონისძიება იყოს ძალაში და ის არის მოხსნილი. სარეზოლუციო ნაწილიდან ჩანს, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ერთხმად და შვიდივე მოსამართლის ერთსულოვანი აზრია. შეჩერების მოხსნის გადაწყვეტილება არ ექვემდებარება გასაჩივრებას და ის დღეიდან არის ძალაში. შესაბამისად, ჩვენ მხარეები, თუკი რაიმეს გავასაჩივრებთ ამ გადაწყვეტილებიდან, ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ 6 ხმით ერთის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც არსებითი გადაწყვეტილებაა. სხვა სადავო აქ არაფერი ჩანს. გასაჩივრების პროცედურები არის შემდეგი: მხარეს გასაჩივრებისთვის 3 თვის ვადა აქვს. თუმცა, დიდი პალატის მიერ გასაჩივრებული საქმის განხილვა ავტომატური არ არის. შუაში არსებობს ე.წ. ფილტრაციის კოლეგია, რომელიც ან დაუშვებს საქმეს განსახილველად დიდ პალატაში, ან არ დაუშვებს. თქვენ გახსოვთ, რომ ჩვენ ასე გავასაჩივრეთ ვანო მერაბიშვილის საქმეზე გადაწყვეტილება საქართველოს წინააღმდეგ და ეს საქმე მოხვდა იმ 3 თუ 4 პროცენტ საქმეებში, რომელიც ფილტრაციის კოლეგიამ დიდი პალატის განსახილველად დაუშვა. პროცედურა აქაც იქნება იგივე“, - განაცხადა წულუკიანმა.