დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე - სამართლიანობა აღდგება მაშინ, როცა “რუსთავი 2” დაუბრუნდება მის დამფუძნებლებს

„რუსთავი 2“-ის დამფუძნებლები ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი განცხადებას ავრცელებენ. როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ დავით დვალის მიერ მიწოდებულ განცხადებაშია ნათქვამი, ქიბარ ხალვაშს სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ულოცავს, თუმცა ამასთანავე, მიიჩნევენ, რომ სამართლიანობა აღდგება მხოლოდ მაშინ, როდესაც უკანონოდ წართმეული და პარტიულ სამსახურში ჩაყენებული “რუსთავი 2” დაუბრუნდება მის დამფუძნებლებს.

“სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა მიუკერძოებელმა სასამართლომ კიდევ ერთხელ და კატეგორიულად დაადასტურა, რომ “რუსთავი 2”-ის დღევანდელ მფლობელებს არაკანონიერად და ბანდიტურად აქვთ მითვისებული ჩვენს მიერ დაფუძნებული, ერთ დროს დამოუკიდებული და თავისუფალი ტელევიზია.

ვულოცავთ ქიბარ ხალვაშს ამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას.

ამასთანავე, კატეგორიულად ვთვლით - სამართლიანობა აღდგება მხოლოდ მაშინ, როდესაც უკანონოდ წართმეული და პარტიულ სამსახურში ჩაყენებული “რუსთავი 2” დაუბრუნდება მის დამფუძნებლებს”, - ნათქვამია ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის განცხადებაში.