„ხალვაშს უფლება აქვს ქონების დარეგისტრირება მოითხოვოს, თუ იუსტიციის სამინისტრო ამ მოთხოვნას არ შეასრულებს, წულუკიანი შესაძლოა, პასუხისგებაში მიეცეს"

დიდი იმედი მაქვს, საქართველოს სასამართლოზე ტალახის სროლა ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ სტრასბურგის სასამართლოს მიერ "რუსთავი 2"-ის საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ დაადასტურა, რომ საქართველოს სასამართლომ "რუსთავი 2"-ზე სამართლიანი გადაწყვეტილებები მიიღო.

"სტრასბურგის სასამართლომ დღეს ფაქტობრივად თქვა, რომ არ დარღვეულა არც მედიის თავისუფლება "რუსთავი 2"-ის მიმართ და არც საკუთრების უფლება. დიდი იმედი მაქვს, ამით ერთხელ და სამუდამოდ, დასრულდება ის შეტევა, რომელიც მიმდინარეობს საქართველოს სასამართლოზე, რადგან ფაქტობრივად სტრასბურგმა დაადასტურა, რომ საქართველოს სასამართლოს სამივე ინსტანციის გადაწყვეტილებები იყო სამართლიანი და შესაბამისობაში მოდიოდა სტრასბურგის ადამიანის უფლებების სასამართლოს პრაქტიკასთან და კონვენციასთანაც. ვიმედოვნებ, ეს ტალახის სროლა საქართველოს სასამართლოზე ერთხელ და სამუდამოდ, დასრულდება", - განაცხადა კილაძემ.

მანვე ისაუბრა ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებებთან დაკავშირებითაც.

"ძალიან დიდი იმედი მაქვს, "ნაციონალური მოძრაობის" უტიფრობა არ წავა იქამდე და არ იტყვიან, რომ ბიძინა ივანიშვილმა ან მოისყიდა სტრასბურგის სასამართლო, ან რაიმე მსგავს უაზრობას. სტრასბურგის სასამართლომ მიიღო ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო და გადაწყვეტილების მიღებისას ყოველთვის ერთ-ერთი მხარე უკმაყოფილოა. ძალიან მაოცებს, როგორ ახერხებს ოპოზიცია, ამ საქმეში კიდევ დაინახონ დამატებით სხვადასხვა არასამართლებრივი და არასწორი საფუძველი. ეს ძალიან საოცარია, როდესაც ჩვენი ოპოზიცია თავს დებს იმაზე, რომ დასავლური ორიენტაციისაა, მაგალითად, "ნაციონალური მოძრაობა" და იმავდროულად კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, ეს ორმაგი სტანდარტიც აღარ არის", - განაცხადა კილაძემ.

მანვე უპასუხა ნიკა გვარამიას განცხადებას გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ დიდ პალატაში გასაჩივრება სტრასბურგის სასამართლოს პირველი გადაწყვეტილების მოქმედებას არ აჩერებს, ქიბარ ხალვაშს კი აქვს უფლება, ქონების საკუთარ სახელზე დარეგისტრირება მოითხოვოს, ხოლო თუ იუსტიციის სამინისტრო ამ მოთხოვნას არ შეასრულებს, მინისტრი და სამინისტროს თანამშრომლები შესაძლოა, პასუხისგებაში მიეცენ.

"ბატონ ხალვაშს აქვს უფლება, მოითხოვოს საკუთარ სახელზე დარეგისტრირება იმ ქონების, რომელიც მის საკუთრებად აღიარა სტრასბურგის სასამართლომ. თუ იუსტიციის სამინისტრო მის ამ მოთხოვნას არ შეასრულებს, მაშინ თეა წულუკიანი, ასევე მისი თანამშრომლები შეიძლება, მიეცენ სისხლის სამართლის პასუხისგებაში, ანუ ეს იქნება დანაშაული მათი მხრიდან, რომ მათ კანონიერ მოთხოვნას არ გაუწიონ ანგარიში. ეს არის სამართლებრივი შეფასება", - განაცხადა კილაძემ.