კომპანია BMW-ს ხელმძღვანელის თანამდებობას ერთ-ერთი ტოპ მენეჯერი ოლივერ ციპსე დაიკავებს, რომელიც ამ დროისთვის კომპანიაში სამრეწველო მიმართულებას ხელმძღვანელობს.
ციპსე გერმანული ავტოკონცერნის ახალი ხელმძღვანელი 2020 წლიდან იქნება, მას შემდეგ რაც აღნიშნულ პოსტს დატოვებს მოქმედი ხელმძღვანელი ჰერალდ კრიუგერი. ამის შესახებ კომპანიის დირექტორთა საბჭოს შეკრების შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში წერია.
როგორც ცნობილია მიმდინარე თვის დასაწყისში მოქმედმა ხელმძღვანელმა ჰერალდ კრიუგერმა, რომელიც ამ პოსტზე 4 წელია მუშაობს, დირექტორთა საბჭო გააფრთხილა, რომ ის არ წამოაყენებდა საკუთარ კანდიდატურას მეორე ვადით ხელმძღვანელის პოსტზე. ცნობისთვის, 53 წლის ხელმძღვანელის უფლებამოსილება 2020 წლის აპრილში იწურება.
BMW - გერმანული ავტომწარმოებელი კომპანიაა, რომელიც დაფუძნდა 1916 წელს. 2018 წელს კომპანიის კაპიტალბრუნვამ 97 მილიარდი ევრო შეადგინა. ის გერმანიის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა. 2018 წელს BMW-მ თითქმის 2,5 მილიონი ავტომობილი გაყიდა.