რეგიონები საქართველოში, რომელიც თევზის წარმოებით გამოირჩევა

2018 წელს აკვაკულტურის მეურნეობებში წარმოებული თევზი, წინა წელთან შედარებით, 16.6 პროცენტით გაიზარდა და 2 381.1 ტონა შეადგინა.

ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ორაგულისებრთა წარმოებამ 1 475.5 ტონას მიაღწია, რაც 26.7 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. კობრისებრთა წარმოება 3.9 პროცენტითაა გაზრდილი და 817.1 ტონას შეადგენს. წინა პერიოდთან შედარებით 1.7 პროცენტით შემცირდა ზუთხისებრთა წარმოება და 75.0 ტონით განისაზღვრა. ასევე, 9.9 პროცენტით შემცირდა ლოქოსებრთა წარმოება და 12.6 ტონა შეადგინა.

„ორაგულისებრთა წარმოებაში 99.2 პროცენტით ცისარტყელა კალმახია წარმოდგენილი. კობრისებრთა წარმოებაში 44.4 პროცენტი მოდის კობრისა და სარკისებური კობრის, 40.6 პროცენტი - თეთრი და ჭრელი სქელშუბლას, ხოლო 14.5 პროცენტი - თეთრი ამურის წარმოებაზე.

2018 წელს თევზის წარმოების მიხედვით ლიდერობს შიდა ქართლი, რომელზეც მოდის ქვეყანაში წარმოებული თევზის 30.2 პროცენტი. სტრუქტურაში მეორე ადგილს იკავებს კახეთი - 27.8 პროცენტით, მესამე ადგილზეა სამეგრელო-ზემო სვანეთი - 13.1 პროცენტით, ხოლო დანარჩენ რეგიონებზე ჯამურად ქვეყანაში წარმოებული თევზის 28.9 პროცენტი მოდის,“-ნათქვამია „საქსტატის“ კვლევაში.

თაია არდოტელი