დღეის მდგომარეობით, ატმის დაკრეფილი მოსავლის რაოდენობა 16 000 ტონაზე მეტია, აქედან, 6 000 ტონაზე მეტი ექსპორტირებულია.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი მოსავლის აღების მიმდინარე პროცესს თელავისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში გაეცნო და ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა.
„წელს მოსავალი კარგია და კრეფის პროცესიც შეუფერხებლად მიდის. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში შექმნილი სამუშაო ჯგუფი აქტიურად მუშაობს, რაც ფერმერებს უადვილებს ჩაბარების და ექსპორტზე გატანის პროცესს. მნიშვნელოვანია, რომ მოთხოვნა გაზრდილია და ფერმერები საბაზრო ფასითაც კმაყოფილები არიან”, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, დღეისათვის კახეთის რეგიონში 9 სამაცივრო მეურნეობა აქტიურად ფუნქციონირებს. სოლომონ პავლიაშვილი ატმისა და ვაშლატამას მიღება-დაბინავების პროცესს გურჯაანიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში არსებულ მიმღებ პუნქტში და სამაცივრო მეურნეობაში Champion Plus გაეცნო. დღეის მდგომარეობით, აღნიშნულ მეურნეობას 600 ტონამდე ატამი აქვს მიღებული.
სამინისტროს ინფორმაციით, სოლომონ პავლიაშვილმა კახეთში ყოფნის დროს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანთაში დავით ნაპირელის ფერმერული მეურნეობაც დაათვალიერა. ფერმერს სხვა ჯიშებთან ერთად, საადრეო ატმის ბაღიც აქვს, საიდანაც მოსავალს ივნისის თვეში იღებს და ექსპორტზე გააქვს.