დამსაქმებელთა ასოციაციამ იმერეთის რეგიონის ბიზნეს სექტორთან შეხვედრა გამართა

ბიზნეს გაერთიანება - საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის წარმომადგენლებმა მერეთის მხარეში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში ადგილობრივი ბიზნეს სექტორის წარმომადგენელ 80-მდე კომპანიასთან შეხვედრა გამართეს.

დამსაქმებელთა ასოციაციის ცნობით, შეხვედრა მიზნად ისახავდა კერძო სექტორისთვის ისეთი აქტუალური საკითხების განხილვას, როგორებიცაა შრომის უსაფრთხოება, პროფესიული განათლება და ამ სფეროებში არსებული გამოწვევები.

„შრომის უსაფრთხოების კანონის გამკაცრება განსაკუთრებით მძიმედ აისახება რეგიონებზე, რადგან იქ ნაკლებია ამ სფეროში არსებული ცნობიერება, შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე კადრები, მეტიც, არ აქვთ ინფორმაცია, თუ რა ახალ მოთხოვნებს უყენებს კანონი მათ. შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო იმდენად, რამდენადაც ერთი მხრივ, ადგილობრივ ბიზნესმენებს მივაწოდეთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა წარმართონ საქმიანობა კანონის ახალი მოთხოვნების შესაბამისად, ხოლო მეორე მხრივ, მათგან მოვისმინეთ ის მთავარი გამოწვევები, რაც ამ ეტაპზე ბიზნეს საქმიანობისთვის ხელისშემშლელია კონკრეტული რეგიონისთვის. რაც შეეხება პროფესიულ განათლებას, ცნობილია, რომ აღნიშნული საკითხიც განსაკუთრებით მწვავედ დგას რეგიონებში. საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია იმერეთის რეგიონში პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტს უკვე 1 წელზე მეტია ახორცილებს და პროექტის მიხედვით დაგეგმილი აქტივობებისა და მოსალოდნელი შედეგების შესახებ ვისაუბრეთ შეხვედრის მონაწილეებთან. აქვე უნდა აღვნიშნო ადგილობრივი მთავრობის მხარდაჭერა ჩვენ საქმიანობაში, რასაც დღევანდელი შეხვედრის ორგანიზებაც და სამომავლოდ თანამშრომლობის მზაობა ადასტურებს,“ - განაცხადა საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლაშა ლაბაძემ.

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია სამომავლოდ სხვადასხვა რეგიონის ბიზნეს წრეებთან შეხვედრების გამართვას და მათთან კომუნიკაციის გაძლიერებას აანონსებს, რათა სამთავრობო სტრუქტურების და საერთაშორისო პარტნიორების წინაშე კერძო სექტორის ლობირება მეტად ეფექტური და კონკრეტულ შედეგებზე ორიენტირებული გახდეს.