საქართველოში უანგარო დონაციის მსურველთა შორის, ხშირად ჩნდება კითხვა - რა ხდება მაშინ, როდესაც დონაციის მსურველი სვირინგს ატარებს. შეუძლია თუ არა მას, სისხლის გაღება?
კითხვაზე პასუხი ცალსახაა: „გააჩნია რა შემთხვევაში”...
საქართველოში, სისხლის ბანკების მოთხოვნის მიხედვით, თუ თქვენი სვირინგი ერთი წლის და მეტისაა, მაშინ სისხლის დონაცია შესაძლებელია.
რაც შეეხება საერთაშორისო გამოცდილებას: მსოფლიოში, სვირინგების ტრენდის ზრდამ მნიშვნელოვნად შეცვალა დონაციის კულტურა. მაგალითად, სისხლის დონაციის შემცირების ერთ-ერთ მიზეზად, ბრიტანული გამომცემლობა Independent-ი სვირინგების მიმართ მსოფლიო ტენდენციას და ტატუების პოპულარობას ასახელებს. მათი მონაცემებით, დონორთა რაოდენობა 2015 წელს, 2014 წელთან შედარებით, 40%-ით შემცირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბრიტანეთს ქვეყანაში სისხლის მოთხოვნის შესავსებად 204 000 ახალი დონორი დასჭირდება.
ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ სვირინგის გაკეთება დონაციისგან მცირე ხნით თავის შეკავებას გულისხმობს, საერთო ჯამში ეს საგრძნობლად ამცირებს სისხლის მარაგს და რაც მთავარია, აფერხებს რეგულარულ დონორებს.
სამწუხაროდ, ინფორმაციის უქონლობის ან არასწორი ინფორმაციის გამო, არის შემთხვევები, როდესაც ადამიანებს ჰგონიათ, რომ სვირინგის გამო სისხლის ჩაბარებას ვეღარასდროს შეძლებენ - ეს მოსაზრება მცდარია!
თუ თქვენ სისხლის უანგარო დონორობას აპირებთ, აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ სვირინგის გაკეთებიდან ერთი წელი უნდა იყოს გასული, ხოლო, თუ რეგულარული დონორი ბრძანდებით, მაშინ კარგად დაფიქრდით სანამ ამ ნაბიჯს გადადგამთ, ვინაიდან, თქვენზე მრავალი ადამიანის სიცოცხლეა დამოკიდებული.
წყარო: independent