დოკუმენტი, რომელზეც ირაკლი ოქრუაშვილი საუბრობს ყალბია, - ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის ახალმა გენერალურმა დირექტორმა, ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ ჟურნალისტებს განუცხადა და იქვე დასძინა, რომ ექსპერტიზა ამ ფაქტს დაადასტურებს.
„ეს საქმე სასამართლო წარმოებაშია. ჩვენ თავიდანვე დავაყენეთ სასამართლოში პოზიცია, რომ დოკუმენტი, რომელსაც ირაკლი ოქრუაშვილი მიუთითებს, გაყალბებულია. ოქრუაშვილს ჰქონდა ფულადი მოთხოვნა, თითქოს მან 7 მილიონი დოლარი ასესხა ქიბარ ხალვაშს და ქიბარს უნდა დაებრუნება ეს თანხა სარგებლით ანუ პროცენტით. მეორე ნაწილი ამ ხელშეკრულების იყო „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით, თითქოს ყველა უფლება ეკუთვნოდა ირაკლი ოქრუაშვილს და იმ შემთხვევაში თუკი ქიბარ ხალვაში იჩივლებდა, 7 მილიონი უნდა გადაეხადა ირაკლი ოქრუაშვილისთვის. ქიბარ ხალვაში აცხადებს, რომ ეს დოკუმენტი ყალბია და ექსპერტიზა ამას დაადასტურებს“, - განაცხადა პაატა სალიამ.