რას ვყიდით და ვყიდულობთ თურქეთში

საქართველოსთვის თურქეთი უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად რჩება. საქსტატის მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-ივნისში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 5 968.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

რაც შეეხება ქვეყნის უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს, სამეულშია: თურქეთი (843.0 მლნ აშშ დოლარი), რუსეთი (677.8 მლნ აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (508.9 მლნ აშშ დოლარი).

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ ტოპ-5 პროდუქტს, რომელსაც ყველაზე დიდი რაოდენობით ვყიდით თურქეთში და ასევე, რომელიც იქიდან შემოგვაქვს.

2019 წლის იანვარ-ივნისში, საქართველოდან თურქეთში ექსპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფი ტრიკოტაჟის ნაწარმი იყო, რომლის ექსპორტმაც 22,1 მლნ დოლარი შეადგინა. მას მოსდევს ნახევარფაბრიკატები ნახშირბადიანი ფოლადისაგან - 18,7 მლნ დოლარით, მე-3 ადგილზე გავიდა სპილენძის მადნები და კონცენტრატები, რომლის ექსპორტიც 13,7 მლნ დოლარი იყო, მე-4 ადგილზეა ფეროშენადნობები - 10 მლნ დოლარით, მე-5 ადგილზე კი 7,4 მლნ დოლარით კოსტუმები, კომპლექტები, მამაკაცის ნაქსოვი ტრიკოტაჟი გავიდა.

რაც შეეხება იმპორტს, 2019 წლის იანვარ-ივნისში უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფი დაფასოებული მედიკამენტები იყო, რომლის იმპორტმაც 45,4 მლნ დოლარი შეადგინა. მას მოსდევს 34,9 მლნ დოლარით მსუბუქი ავტომობილები, მე-3 ადგილზე კი შავი ლითონების მეტალოკონსტრუქციები გავიდა, რომლის იმპორტმაც 19,6 მლნ დოლარი შეადგინა. მე-4 ადგილზეა იზოლირებული მავთულები, კაბელები 18,3 მლნ დოლარით, ხოლო ხუთეულს შავი ლითონების მილები და მილაკები ასრულებს, რომლის იმპორტმა 16,6 მლნ დოლარი შეადგინა.

ნინი ქეთელაური