საქართველოში კიდევ ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია გაუქმდა. ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 16 ივლისის განკარგულებაშია აღნიშნული.
კერძოდ, საუბარია, შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „სმარტ ინვესტიზე“. განკარგულების თანახმად, გაუქმდა მისი როგორც მისო-ს რეგისტრაცია და დაიწყო ორგანიზაციის ლიკვიდაციის პროცესი.
„ეს განკარგულება გამოცემიდან 10-დღიან ვადაში უნდა გამოქვეყნდეს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდსა და საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში. ასევე გაეგზავნოთ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული ) იურიდიული პირების რეესტრს და ადგილობრივი საგადახდო სისტემის ოპერატორს, თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია წარმოადგენდა ამ საგადახდო სისტემის მონაწილეს. აღნიშნული განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მისი ოფიციალურად გაცნობიდან ერთი თვის ვადაში. განკარგულება ამოქმედდეს მხარისთვის მისი გაცნობისთანავე,“- აღნიშნულია განკარგულებაში.
მიმდინარე წელს მიკროსაფინანსო ორგანიზაციათა რიცხვი თითქმის ყოველთვიურად მცირდება, რაზეც ეროვნული ბანკის სტატისტიკაც მეტყველებს. კერძოდ, როგორც ეროვნული ბანკის ვებგვერდზეა აღნიშნული, 2019 წლის იანვრის მდგომარეობით, ქვეყანაში 65 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია იყო რეგისტრირებული, თებერვლის მონაცემებით - 63 მისო; მარტ-აპრილში - 61; მაისში კი 58 მისო ფუნქციონირებდა; 29 ივნისის მდგომარეობით ქვეყანაში უკვე 56 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია იყო რეგისტრირებული, 19 ივლისის მდგომარეობით კი მათი რიცხვი 55-ს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ წლიურად მიკროსაფინანსო ორგანიზაციათა რაოდენობა უკვე 16-ით არის შემცირებული. კერძოდ, გასული წლის ივლისის მდგომარეობით, საქართველოში 71 მისო იყო რეგისტრირებული.