ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეობისა და იმიგრაციის სამსახური მოქალაქეობის მიღების ტესტს ჩაასწორებს.
ამის შესახებ განცხადება იმიგრაციის სამსახურის ოფიციალურ გვერდზეა გამოქვეყნებული. ცვლილებები აშშ-ს ხელისუფლებას მოქალაქეობის მსურველის ცოდნის უკეთ შეფასების საშუალებას მისცემს.
იმიგრაციის შესახებ კანონის 312 მუხლის თანახმად, მოქალაქეობის მაძიებლებს ევალებათ „ინგლისურად წერა-კითხვის ცოდნა“, „აშშ-ს ისტორიის, პრინციპებისა და სახელმწიფო წყობის საფუძვლების ცოდნა“. ცვლილებები ძირითადად ტესტის სალაპარაკო ნაწილს შეეხება და შედეგად მოქალაქეობის მაძიებლის მიერ საკუთარი უფლებებისა და მოვალეობების ცოდნას აშშ-ს შესაბამისი სამსახურები უკეთ შეაფასებენ.
ამ ტესტის საპილოტე ვერსიას მიმდინარე წლის შემოდგომაზე გამოცდიან, 2020 წლის ბოლოს ან 2021 წლის დასაწყისში კი ოფიციალურად დაამკვიდრებენ პრაქტიკაში.