დოლაბაურის ქუჩაზე სამშენებლო სამუშაოებისას გარდაცვლილი 16 წლის მუშის საქმეზე დაკავებული სამშენებლო კომპანიის დირექტორი ბრალს არ აღიარებს. ამ წუთებში ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო მსჯელობს. სახელმწიფო ბრალდება მისთვის აღკვეთის ღობისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს, თავის მხრივ დაცვის მხარე ბრალდებულის გირაოს საფუძველზე გათავისუფლებას შუამდგომლობს.
სამშენებლო კომპანია "ჯევიკე ჰოსპიტალიტის" დირექტორის შიშუ პალ ბურდაკის ადვოკატის ბაჩუკი ქირიას განცხადებით, ლიფტის დემონტაჟისას უსაფრთხოების წესების დარღვევა დამქირავებელი კომპანიის ბრალი არ არის. ამასთან, როგორც ქირია ამბობს, დემონტაჟს უკანონოდ აწარმოებდა ერთ-ერთი კომპანია, რომელთანაც შესაბამისი სამუშაოების საწარმოებლად ბურდაკი მოლაპარაკებებს აწარმოებდა.
"მას მიაჩნია, რომ ადგილი აქვს დისკრიმინაციას, დაკავებულია მხოლოდ მისი წარმომავლობის და ინვესტირების გათვალისწინებით. მართალია, უსაფრთხოების ნორმების დარღვევას ედავებიან, თუმცა უსაფრთხოების წესების დარღვევაში დამკვეთ კომპანიას არ მიუძღვის ბრალი. დემონტაჟის სამუშაოებს ნებართვის გარეშე აწარმოებდა კომპანია. ეს კომპანია ცნობილია გამოძიებისთვის, გამოკითხულია მისი წარმომადგენლები, თუმცა დაკავებული არ არიან", - განაცხადა ქირიამ.
ბრალდებულის ადვოკატის თქმით, შიშუ პალ ბურდაკი აწარმოებდა ამ კომპანიასთან მოლაპარაკებებს, რათა მათ დემონტაჟი განეხორციელებინათ, თუმცა იმ დღეს, როდესაც უბედური შემთხვევა მოხდა, კომპანიის წარმომადგენლები ობიექტზე მოტყუებით შევიდნენ. ქირიას თქმით, მათ დარაჯს უთხრეს, რომ ბურდაკთან სიტყვიერი შეთანხმება ჰქონდათ სამუშაოების წარმოებაზე.
ამასთან, ადვოკატის მტკიცებით ბრალდებული არ მიმალვია გამოძიებას, ის ნებაყოფლობით გამოცხადდა გამოძიებაში, მისცა ჩვენება, რის შემდეგაც ის დააკავეს. რაც შეეხება გარდაცვლილის ოჯახის პოზიციას, ადვოკატის თქმით, ის დაცვის პოზიციას ემთხვევა.
"გარდაცვლილის ოჯახთან აქტიურ კომუნიკაციაში ვართ, კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებთ მათ. არაერთხელ იყვნენ მათთან ჩვენი წარმომადგენლები, ჩვენთვის როგორც ცნობილია, ოჯახის პოზიცია სრულად ემთხვევა ჩვენს პოზიციას. უფრო მეტიც დედამ ნოტარიული ხელწერილით განაცხადა, რომ ის თანახმაა და მას მიაჩნია, რომ შიშუ პალ ბურდაკის მიმართ არ უნდა იყოს გამოყენებული არანაირი აღკვეთის ღონისძიება", - განაცხადა ბაჩუკი ქირიამ.