მაია ფანჯიკიძე : არანაირი ნიშანი იმისა, რომ ემბარგოს დაწესება მოხდება, არ არის

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, არანაირი ნიშანი იმისა, რომ რუსეთმა შესაძლოა, საქართველოს ემბარგო დაუწესოს, არ არის, თუმცა ქართული მხარე ყველა სცენარისთვის მზად არის.

როგორც ფანჯიკიძემ განაცხადა, მას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები ჰქონდა ეკონომიკის მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან.

"არანაირი ნიშანი იმისა, რომ ეს მოხდება, არ არის, თუმცა ჩვენ ვამბობთ სიფრთხილით, რომ გამორიცხული არაფერი არ არის, მითუმეტეს, ჩვენი წარსული ურთიერთობის გათვალისწინებით. როგორც ეკონომიკის მინისტრმა დამიდასტურა, ჩვენ მზად ვართ ყველანაირი სცენარისთვის. ასე რომ, არაფერი მოულოდნელი ჩვენთვის არ იქნება, თუკი რამე მსგავსი მოხდა, მაგრამ ამის არანაირი ნიშანი არ არის და იმედია, არც იქნება", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

რუსეთის "ლიბერალ-დემოკრატიული პარტია" გამოვიდა ინიციატივით, მოსკოვმა გააფართოვოს იმ ქვეყნების სია, საიდანაც პროდუქციის იმპორტი აიკრძალება და მათ შორის მოხვდნენ საქართველო, მოლდოვა და უკრაინა, რომელთაც ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმება გააფორმეს.