პირებს, რომელთაც სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების მიუხედავად, საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება სურთ, ამისთვის დამატებითი დრო ეძლევათ და შესაბამისი სამართლებრივი შესაძლებლობების ვადა 2020 წლის 31 დეკემბრამდე გრძელდება.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, 23 ივლისის სხდომაზე, “საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ კანონში ცვლილებებს განიხილავს, რომელიც პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის წარმომადგენლების: ბექა ოდიშარიას, გივი ჭიჭინაძის, ფატი ხალვაშის და სვეტლანა კუდბას საკანონმდებლო ინიციატივაა.
უფრო კონკრეტულად, 2018 წლის 21 ივლისს “საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანულ კანონში განხორციელებული ცვლილებების თანახმად, საქართველოს მოქალაქეებს, რომელთა მიმართ 2018 წლის 15 აგვისტომდე არ იყო მიღებული გადაწყვეტილება სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის თაობაზე, უფლება მიეცათ, 2018 წლის 15 აგვისტოდან 1 წლის ვადაში სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსათვის მიემართათ და საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება მოეთხოვათ. შესაბამისი რეგულაცია 2019 წლის 15 აგვისტომდე მოქმედებს.
ამავე ცვლილებებით გათვალისწინებული იყო საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნის დროებითი უფლება. კერძოდ, საქართველოს ყოფილ მოქალაქეს, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობა სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო დაკარგა, უფლება მიეცა სააგენტოს საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭების მოთხოვნით 2020 წლის 31 დეკემბრამდე მიმართოს.
პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის ინფორმაციით, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების მოთხოვნით სააგენტოს 5 524-მა საქართველოს მოქალაქემ მიმართა, ხოლო საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის დროებითი უფლებით სარგებლობის მოთხოვნით - 2957-მა პირმა.
“როგორც სტატისტიკური მონაცემები ცხადყოფს, ამ უფლებით მოსარგებლე პირების მომართვიანობა შედარებით დაბალია, მოქალაქეობის შენარჩუნების შესაძლებლობით პოტენციურად მოსარგებლე პირთა რიცხვი კი - მაღალი. მოცემულ პირობებში მიზანშეწონილია, რომ ასეთ პირებს 2019 წლის 15 აგვისტოს შემდეგაც მიეცეთ მსგავსი მექანიზმით სარგებლობის შესაძლებლობა, იმავე ვადის განმავლობაში, რაც განსაზღვრულია საქართველოს მოქალაქეობის აღდგენაზე მომართვისათვის“, - აცხადებენ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტში.