საფრანგეთის მთავრობას მომზადებული აქვს საპენსიო რეფორმა, რომლის განხორციელების შემთხვევაშიც, სრული საპენსიო ასაკი 2 წლით გაიზრდება.
კერძოდ, როგორც მთავრობის საპენსიო რეფორმების სპეციალური მრჩეველი ჟან-პოლ დელევუა ამბობს, პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის დაპირების შესაბამისად, ფრანგები პენსიაში კვლავაც 62 წლის ასაკში გავლენ. თუმცა, ორი წლით მეტხანს მოუწევთ მუშაობა, რათა სრული საპენსიო სარგო აიღონ.
რეფორმის განხორციელების შემთხვევაში, ახალი საპენსიო სისტემა 2025 წლიდან ამუშავდება.
როგორც მიმომხილველები ამბობენ, საპენსიო რეფორმა პროფკავშირების უკმაყოფილებას გამოიწვევს. მათ კი, ქუჩებში მილიონობით მოქალაქის გამოყვანის პრობლემა არ ექნებათ.