ბოლო რამდენიმე თვეა, რაც რუსეთის ცენტრალურ და სამხრეთ რეგიონებში ფუტკრის ოჯახები მნიშვნელოვნად შემცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მეფუტკრეების ეროვნული კავშირის პრეზიდენტის, არნოლდ ბუტოვის განცხადებით, ფუტკრების მასობრივი განადგურება ქვეყნის 20 რეგიონში ფიქსირდება.
აღნიშნული პრობლემის გამო, არნოლდ ბუტოვი ვარაუდობს, რომ შედეგად რუსეთში თაფლის წარმოება 15-20%-ით შემცირდება.
ოფიციალური პირის ინფორმაციით, ფუტკრების მასიური ხოცვა სასოფლო-სამეურნეო მწარმოებლების მხრიდან პესტიციდების უსაფრთხო გამოყენების წესების უხეშ დარღვევას უკავშირდება. მისი თქმით, აღნიშნული პროცესის კონტროლის მექანიზმი ქვეყანაში არ არსებობს.
„როსსელხოზნადზორის“ წარმომადგენელი იულია მელანო კი აცხადებს, რომ სააგენტომ პესტიციდების გამოყენების მიმართულებით კონტროლის უფლება 2011 წლიდან დაკარგა.
ცნობისთვის, რუსეთი წელიწადში დაახლოებით, 100 ათას ტონა თაფლს აწარმოებს. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ თუ ფუტკრების მასიური ხოცვა გაგრძელდა, ეს პროდუქტის ფასზეც აისახება.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ ფუტკრების შემცირება მთელი ევროპის მასშტაბით შეინიშნება, რაც სპეცილისტების შეშფოთებას იწვევს. ისინი მიიჩნევენ, რომ კრიზისის მიზეზი რამდენიმეა, რომელთაგან უმთავრესი, კლიმატის ცვლილება და პესტიციდების გამოყენებაა.