ნავთობის ფასმა ახალი კვირა ზრდით დაიწყო. ამის მიზეზი, ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის მატებაა, რაც ირანის მიერ, ბრიტანული ტანკერის გატაცებას მოჰყვა. მსოფლიო ბაზარმა ეს აღიქვა, როგორც მიწოდების შეფერხების რისკი, რამაც ფასის ზრდა გამოიწვია.
თუმცა, აღსანიშნავია, რომ გაძვირება შეზღუდული იყო, რადგან ლიბიამ თავისი უდიდესი საბადოდან ექსპორტი განაახლა, რამაც მსოფლიო ბაზარზე მიწოდების სტაბილურობის იმედი გააჩინა. ამას ემატება ისიც, რომ მსოფლიო ბაზარზე ნავთობზე მოთხოვნა კვლავ კლებულობს.
ბრენტ მარკის ბარელი ნავთობის ფასი 88 ცენტით, 63.35 დოლარამდე შემცირდა. ამასთან, 58 ცენტით, 56.21 დოლარამდე დაიკლო ამერიკული დასავლეთ ტექსასური საშუალოს (WTI) ფასმა. გასულ კვირას ბრენტის ფასი 6 პროცენტით შემცირდა, WTI-სა კი - 7 პროცენტით.
საფინანსო მომსახურების კომპანია „ოანდას“ ნიუ-იორკის ოფისის უფროსი ანალიტიკოსი ედვარდ მოია ამბობს, რომ მსოფლიო ბაზარზე მოთხოვნის კლება და ამერიკაში მარაგების ზრდა უზრუნველყოფს ნავთობის ფასის კლებას. თუმცა, მისივე თქმით, ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება, რადგან სპარსეთის ყურეში დაძაბულობა კვლავაც მაღალია, რაც ბაზარზე არასტაბილურობას იწვევს.
როგორც ირანის გვარდიამ გამოაცხადა, მათ ბრიტანული დროშით მცურავი ტანკერი მას შემდეგ დააკავეს, რაც მანამდე ბრიტანეთმა ირანული ტანკერი დააკავა. ასეა თუ ისე, ორმუზის სრუტეში ნავთობით დატვირთული ტანკერების მოძრაობა საფრთხის ქვეშ დადგა, რამაც მსოფლიო ბაზარზე მიწოდების შეწყვეტის რისკი გაზარდა.
იმავდროულად, შეერთებული შტატების ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ აშშ-ის ძალები ჩამოაგდებს ნებისმიერ ირანულ დრონს, რომელიც ამერიკულ ხომალდებს მიუახლოვდება. ამ განცხადებამდე ერთი დღით ადრე კი, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ორმუზის სრუტეში, ამერიკულმა საბრძოლო ხომალდმა, ირანული დრონი გაანადგურა. თუმცა, ირანმა ეს ინფორმაცია უარყო.