ნებისმიერი ადამიანი, ვინც არ უნდა გახდეს ხალვაშის მერე ამ წილების შემძენი, ის იქნება არაკეთილსინდისიერი შემძენი და მას მოუწევს ამ წილების უკან დაბრუნება, თუ ამ დავას ჩვენ წარმატებით დავასრულებთ, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა „რუსთავი 2“-ის თემასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე, ქიბარ ხალვაშის მიერ „რუსთავი 2“-ის წილების ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალისათვის შესაძლო გადაცემასთან დაკავშირებით განაცხადა.
ოქრუაშვილის თქმით, დაადებს თუ არა ყადაღას „რუსთავი 2“-ს სასამართლო არსებითი არაა, რადგან „რუსთავი 2“-ის ახალი მფლობელი არაკეთილსინდისიერი იქნება.
„სასამართლომ ყადაღა შეიძლება დაადოს თუ არ დაადოს, ჩვენთვის არსებითად და იურიდიულად არაფერი იცვლება. საყოველთაოდ და საჯაროდ ცნობილია ჩემს მიერ წამოწყებული დავის შესახებ. ნებისმიერი ადამიანი, ვინც არ უნდა გახდეს ხალვაშის მერე ამ წილების შემძენი, ის იქნება არაკეთილსინდისიერი შემძენი და მას მოუწევს ამ წილების უკან დაბრუნება თუ ამ დავას ჩვენ წარმატებით დავასრულებთ. მითუმეტეს, თუ დვალი და აქიმიძე გახდებიან ახალი მფლობელები, მათთან მე გავაგრძელებ დავას იმ თანხის უკან დაბრუნებაზე და „ჯორჯიან ონლაინის“ იმ წილის დაბრუნებაზე, რომელიც მე მათ გადავუფორმე ამ წილების ღირებულების სანაცვლოდ,“ - აცხადებს ოქრუაშვილი.