თუ დღეს ვინმეს ექნება მცდელობა, რომ არხი ამ ფორმით და ფინანსური პრობლემის გამო ხელოვნურად წაიყვანოს გაკოტრებისკენ, ეს იქნება საზოგადოებისთვის პირდაპირი შეტყობინება, რომ უბრალოდ „რუსთავი 2“ არ უნდა მაუწყებლობდეს ქვეყანაში, - ამის შესახებ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ “რუსთავი 2”-ის საინფორმაციო ჯგუფისა და არასამთავრობო სექტორისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც სალაძემ აღნიშნა, შეხვედრისას ერთ-ერთი თემა არხის ფინანსური მდგომარეობაც იყო.
„ვისაუბრეთ იმ შიშებზე, რომელიც შეიძლება ფინანსურ მდგომარეობას უკავშირდებოდეს ორგანიზაციაში. ჩვენ ვნახეთ არხის მმართველის ერთი განცხადება, როდესაც ის საუბრობდა, რომ ფინანსურად არასახარბიელო მდგომარეობაა, თუმცა ვიცით, რომ ეს მდგომარეობა არ დაწყებულა გუშინ და გუშინწინ, ვიცით, რომ წლების განმავლობაში არხი ახერხებდა ფუნქციონირებას მიუხედავად ამ მძიმე მდგომარეობისა. ამიტომ თუ დღეს ვინმეს ექნება მცდელობა, რომ არხი ამ ფორმით და ამ პრობლემის გამო ხელოვნურად წაიყვანოს გაკოტრებისკენ, ეს იქნება საზოგადოებისთვის პირდაპირი შეტყობინება, რომ „რუსთავი 2“ უბრალოდ არ უნდა მაუწყებლობდეს ქვეყანაში,“- განაცხადა სალაძემ.
ამასთან, სულხან სალაძე ქიბარ ხალვაშის განცხადებასაც გამოეხმაურა. მისი თქმით, არხის ჟურნალისტებს გაურკვევლობაში უწევთ ყოფნა.
„რაც შეეხება ჟურნალისტებს, მთავარი ის არის, რომ მათ ახლა უწევთ გაურკვევლობაში ყოფნა. ნაცვლად შემხვედრი პოზიციებისა, დღეს აბსოლუტურად სხვა რამ მოისმინეს მათ ქიბარ ხალვაშის მხრიდან. ერთი მხრივ, ის საუბრობს სარედაქციო დამოუკიდებლობის შენარჩუნებაზე, მეორე მხრივ კი მას არ მოსწონს ის, რაც არის დღეს „რუსთავი 2“, - აღნიშნა სულხან სალაძემ.
შეგახსენებთ, სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ის საინფორმაციო ჯგუფი არასამთავრობო სექტორისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა "რუსთავი2"- ის შენობაში შედგა და საუბარი იმ გამოწვევებს შეეხო, რომლის წინაშეც ახლა ტელეკომპანია დგას. კერძოდ, განიხილეს, თუ როგორ შეიძლება „რუსთავი 2“-მა შეინარჩუნოს სარედაქციო პოლიტიკა ისე, რომ არ მოხდეს ამ პროცესში კარდინალური ცვლილებები.