ევროკავშირის ქვეყნებმა მიგრანტების მიღების ახალ მექანიზმს მხარი დაუჭირეს

ევროკავშირის 14-მა წევრმა ქვეყანამ გერმანიისა და საფრანგეთის მიერ შეთავაზებულ „სოლიდარობის მექანიზმს“ მხარი დაუჭირეს, რომელიც ბლოკის შიგნით მიგრანტებისთვის სივრცის გამოყოფას ითვალისწინებს.

ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრები იმიგრაციისა და უსაფრთხოების საკითხების განსახილველად ფინეთის შემდეგ, ამჯერად პარიზში შეიკრიბნენ.

„შეხვედრის შედეგი ის არის, რომ ამ მომენტისთვის ევროკავშირის 14-მა წევრმა ქვეყანამ დაუჭირა მხარი საფრანგეთი-გერმანიის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტს“- განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ჟურნალისტებთან საუბარში.

მაკრონს მიგრანტების განთავსების ახალ გეგმასთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები არ გაუჟღერებია, თუმცა, განმარტა, რომ ინიციატივა „სწრაფი“ და „ავტომატური“ იქნება.

საინფორმაციო სააგენტო „როიტერის“ ცნობით, გერმანიისა და საფრანგეთის პარალელურად დოკუმენტს ხელი ფინეთმა, ლუქსენბურგმა, პორტუგალიამ, ლიეტუვამ, ხორვატიამ და ირლანდიამ მოაწერეს.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრ მატეო სალვინის, იმ დროს როდესაც მისი ქვეყანა ევროკავშირში მიგრანტების ერთ-ერთი ყველაზე აქტიური გამტარია.

იტალია ამ დრომდე ჰუმანიტარული ჯგუფების მიერ ზღვაში გადარჩენილ თითქმის ყველა მიგრანტს უშვებდა თავის საზღვრებში, თუმცა, ვითარება მას შემდეგ შეიცვალა, რაც 2018 წელს ხელისუფლებაში პოპულისტური კოალიციური მთავრობა მოვიდა, რომელმაც ქვეყნის ყველა პორტი დაუყოვნებლივ დაკეტა საქველმოქმედო გემებისთვის.

მიგრანტების საკითხში გაეროს უმაღლესი კომისრის ინფორმაციით, უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში ევროპაში მოხვედრის მსურველი, სულ მცირე, 426 ადამიანი დაიღუპა ხმელთაშუა ზღვაში.

სალომე აბულაშვილი