Facebook-ის საბავშვო აპლიკაციაში არსებულმა ხარვეზმა ბავშვებს უცხოებთან კონტაქტის საშუალება მისცა

13 წელს ქვემოთ ასაკის ბავშვებისთვის გათვალისწინებული Facebook-ის აპლიკაციის გაუმართაობის გამო, ბავშვებს უცხო ადამიანებთან კონტაქტი შეეძლოთ.

აღნიშნული ინფორმაცია თავად კომპანიაში დაადასტურეს. 2017 წელს გაშვებული Messenger Kids-ი, ჩაფიქრებული იყო, როგორც უსაფრთხო სივრცე იმ ბავშვებისთვის, რომლებიც სოციალური ქსელის ზრდასრულებისთვის განკუთვნილი ვერსიის გამოყენებისთვის ზედმეტად პატარები იყვნენ.

აპლიკაცია ითვალისწინებდა, რომ ბავშვებს მხოლოდ იმ ადამიანებთან შეეძლოთ კონტაქტი, რომლებზე ნებართვასაც მშობლები გასცემდნენ.

მაგრამ დიზაინში არსებულმა ხარავეზმა მშობლების მიერ დაუდასტურებელ მომხმარებელს, რომელიც შეიძლება ზრდასრული ყოფილიყო, საშუალება მისცა ჩატის წევრი გამხდარიყო.

„ჩვენ Messenger Kids-ის ანგარიშის მომხმარებელ რამდენიმე მშობელს უკვე შევატყობინეთ ტექნოლოგიური ხარვეზის შესახებ, რაც ჩვენი შეფასებით, მცირე რაოდენობით ჯგუფურ ჩატს შეეხო“- განაცხადეს კომპანიაში და აღნიშნეს, რომ მათ ეს ჩატები უკვე გათიშეს და მშობლებს ყველა საჭირო ინფორმაცია მიაწოდეს.

Messenger Kids-ის მომხმარებელ ბავშვებს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლიათ ერთმანეთთან კომუნიკაცია თუ ამის ნებართვას მშობელი ან ზედამხედველი პირი გასცემს. თუმცა ხარვეზის გამო, ჯგუფურ ჩატებში ბავშვს შესაძლებლობა ჰქონდა, ეკონტაქტა მესამე პირთან, რომელზე ნებართვაც გასცა ერთმა მშობელმა, მაგრამ არ გაუცია მეორეს.

BBC-სთან საუბარში Facebook-ის პრესმდივანმა განმარტა, რომ კომპანიაში ხარვეზი მისი აღმოჩენისთანავე აღმოფხვრეს და მათ პრობლემის შესახებ მშობლებისგან არანაირი საჩივარი არ მიუღიათ. თუმცა კომპანიაში არ განმარტავენ, რამდენი ხანი იყო აპლიკაციაში მსგავსი ხარვეზი, ვიდრე Facebook მას აღმოაჩენდა.

სალომე აბულაშვილი