ტენდერში, რომელიც მთავრობისთვის 135 მაღალი გამავლობის ჯიპის მიწოდებას გულისხმობდა, გამარჯვებული უკვე გამოვლენილია.
შეგახსენებთ, რომ შესყიდვა 3 ივლისს გამოცხადდა, წინადადებების მიღება კი 9 ივლისს დასრულდა. სატენდერო პირობების თანახმად, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 9 045 000 ლარი იყო. ტენდერში წინადადებები ორმა კომპანიამ - შპს „სენა ავტომ“ და სს „ფრანს ავტომ“ წარადგინეს. მათ მიერ შეთავაზებული თანხა კი შესაბამისად, 8 982 495 და 8 835 750 ლარი იყო. სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებით გამარჯვებულად სს „ფრანს ავტო“ გამოცხადდა.
როგორც სატენდერო დოკუმენტაციაში ვკითხულობთ, შეთავაზებული ავტომობილები უნდა იყოს ახალი, არაუადრეს 2019 წლის გამოშვების, ექსპლუატაციაში არმყოფი (გარბენი არაუმეტეს 200კმ), ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო და განბაჟებული. ამასთან, მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს ავტომანქანების შემსყიდველზე გადაფორმება. ასევე შემსყიდველის აუცილებელი მოთხოვნაა, რომ შესასყიდი ავტომობილი შეიძლება იყოს ნებისმიერი ფერის, გარდა შავისა, ამასთან სატრანსპორტო საშუალება უნდა იყოს მარცხენასაჭიანი.
შესყიდვების სააგენტოს განცხადებით, აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებები არ არის განკუთვნილი მაღალი თანამდებობის პირთათვის და მათი შესყიდვა აუცილებელია ისეთი უწყებების შეუფერხებელი ფუნქციონირებისთვის, რომელთა საქმიანობის სფერო უშუალოდ დაკავშირებულია საზოგადოებრივ ჯანდაცვასა და დაავადებათა კონტროლთან, სატყეო მეურნეობების მართვასთან, მთის კურორტების განვითარებასთან, კულტურული მემკვიდრეობის დაცვასთან, ბუნებრივი რესურსების დაცვასა და სხვა მნიშვნელოვან მიმართულებებთან.
კერძოდ, მე-3 კლასის მსუბუქი მაღალი გამავლობის სამორიგეო, მომარაგების ან/და სხვა სპეციფიური საქმიანობის განსახორციელებლად თანამშრომელთა ტრანსპორტირებისათვის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალების შესყიდვა 44 სხვადასხვა უწყებისთვის ხდება.
რაც შეეხება „ფრანს ავტოს“. კომპანია რენოს ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე საფრანგეთის მოქალაქე - გიორგი ცნობილაძეა; მისი მოადგილე - დავით გოგორიშვილი, რომელსაც 2016-2017 წლებში „ქართული ოცნებისთვის“ ჯამში, 3 ათასი ლარი აქვს შეწირული.
ცნობისთვის, „რენო“ ფრანგული ავტომწარმოებელი კომპანია, რომელიც უშვებს მსუბუქ და სატვირთო მანქანებს, ფურგონებს, ავტობუსებსა და ტრაქტორებს.