თბილისში, ჭავჭავაძის გამზირის გარდა, ავტობუსის ზოლი ქუჩის შუაში რუსთაველის გამზირზეც მოეწყობა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში „სისტრა სპექტრუმ კონსალტინგის“ ჯგუფის ხელმძღვანელმა, ასმათ აბესაძემ განაცხადა.
„10 ძირითად დერეფანზე გასაკეთებელია დეტალური პროექტი, რადგან პროექტს მოაქვს კონკრეტული ქუჩების მოწყობა. მაგალითად, ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩებზე ავტობუსის ზოლები გვერდებზე იქნება და არა შუაში. მაგრამ ჭავჭავაძეზე ვფიქრობთ, შუა ზოლი გავაკეთოთ. იგივე რეკომენდაცია გვაქვს რუსთაველის გამზირზეც. 10 ძირითად დერეფანს აუცილებლად ექნება ავტობუსების გამოყოფილი ხაზი, რომლის განლაგებასაც დეტალური პროექტი დაადგენს. რაც შეეხება მარშალ გელოვანის გამზირს, მასზე ავტობუსის გამოყოფილი ზოლების დაგეგმვა თბილისის მერიის ჩარევით მოხდა. ინფრასტრუქტურის სამინისტროს პროექტის მიხედვით, ავტობუსის ზოლები საერთოდ არ იყო გათვალისწინებული და მერიის ჩარევით დაემატება. მერია ახლა 10 დერეფნის დეტალურ პროექტირებაზე ფასთა კვოტირებას ატარებს, შემდეგ ტენდერს გამოაცხადებს. მონაწილეობას ჩვენც მივიღებთ. ტენდერში გამარჯვებული დააპროექტებს ამ 10 დერეფანს. ამოჩემება არ არის, რომ ავტობუსის ზოლი მაინცდამაინც შუაში იყოს. გააჩნია ტროტუარის კონფიგურაციას, პროფილს. თუ ხეების მოჭრა მოგვიწია, მაშინ ჯობს ეს ზოლი შუაში იყოს. ჭავჭავაძეზე მწვანე ზოლებს სერთოდ არ ვეხებით, მწვანე საფარი უცვლელი რჩება. სამაგიეროდ, გაჩერებები იქნება შუაში“, - განაცხადა აბესაძემ.