ქუჩებზე, სადაც ავტობუსების ზოლები შუაში დაიხაზება, საზოგადოებრივი ტრანსპორტი საავტომობილო მოძრაობის საპირისპირო მხარეს ივლის. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში „სისტრა სპექტრუმ კონსალტინგის“ ჯგუფის ხელმძღვანელმა, ასმათ აბესაძემ განაცხადა.
როგორც აბესაძემ აღნიშნა, ანალოგიური მოძრაობა იქნება მელიქიშვილის გამზირზეც.
„ქუჩებზე, სადაც ავტობუსების ზოლები შუაში მოეწყობა, ავტობუსები საავტომობილო მოძრაობის საპირისპირო მხარეს იმოძრავებს. მზავრი არა სავალ ნაწილზე, არამედ შიგნით, პლატფორმაზე უნდა ჩამოვიდეს. ეს ყველაფერი გადაბმული იქნება განმგრძობ დერეფნებზე. ჭავჭავაძის დერეფანი გადაებმება მელიქიშვილისა და თამარაშვილის ქუჩებს.
მოძრაობა მელიქიშვილის გამზირზე მხოლოდ ავტობუსებისთვის შეიცვლება. ავტობუსს არ მოუწევს კოსტავას ქუჩაზე ჩასვლა, ის ვაკეში მელიქიშვილის ქუჩით, მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით გაივლის. კერძო ავტომობილებისთვის კი ვარაზისხევი - მელიქიშვილი-კოსტავას მონაკვეთი უცვლელად დარჩება“, - განაცხადა აბესაძემ.