თემურ ჭყონია - ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო მამუკა ხაზარაძისთვის და ბადრი ჯაფარიძისთვის ბრალის წაყენება

"ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო მამუკა ხაზარაძისთვის და ბადრი ჯაფარიძისთვის ბრალის წაყენება", - ამის შესახებ "ბიზნესპრესნიუსს" ბიზნესმენმა, "კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას" დამფუძნებელმა თემურ ჭონიამ განუცხადა. მისივე თქმით, საქმეზე წინასწარი შეფასების გაკეთება რთულია, ამიტომ პროკურატურაში გამოკითხვის შედეგებს დაელოდება.

"ჩემთვის, ისევე როგორც ყველასთვის, ძალიან მოულოდნელი იყო მამუკა ხაზარაძისთვის და ბადრი ჯაფარიძისთვის ბრალის წაყენება. თუმცა, მე არ მიყვარს ყველაფრის მცოდნე ექსპერტივით წინასწარი შეფასების გაკეთება. როგორც ვიცი, დღეს 5 საათზე არიან დაბარებული პროკურატურაში და დაველოდოთ შედეგებს" - განაცხადა თემურ ჭყონიამ.

შეგახსენებთ, რომ გენერალურმა პროკურატურამ თიბისი ბანკის დამფუძნებლებს - მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარუდგინა. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, ხაზარაძესა და ჯაფარიძეს ბრალი ედებათ ჯგუფურად, 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე.

ნინი ქეთელაური