მსოფლიო ბაზარზე საწვავის ფასი შესაძლოა გაიზარდოს

საწვავზე ფასები მერყევი გახდა მას შემდეგ, რაც სპარსეთის ყურეში ირანმა ბრიტანეთის დროშის ქვეშ მოცურავე ტანკერი დააკავა.

არსებობს საფრთხე, რომ რამდენიმე კვირაში საწვავის ფასმა შესაძლოა, კიდევ მოიმატოს. ექსპერტები გვაფრთხილებენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ საერთაშორისო გემების უსაფრთხოების საკითხი, რომლებსაც ჰორმუზის სრუტის გავლით საწვავი გადააქვთ, კვლავ გაურკვეველი დარჩება, ბრიტანეთში ბენზინის ფასი მთელი ზაფხულის განმავლობაში საკმაოდ მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდება. შესაბამისად გაერთიანებული სამეფო ირანს აფრთხილებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ თეირანი ბრიტანული დროშის ქვეშ მოცურავე ტანკერ Stena Impero-ს არ გაათავისუფლებს, სერიოზული დიპლიმატიური პრობლემების წინაშე აღმოჩნდება.

როგორც ჩანს, ირანმა ბრიტანული ტანკერი ცოტა ხნის წინ გაერთიანებული სამეფოს მიერ ირანული ტანკერის დაკავების სანაცვლოდ აიყვანა. თუმცა ეს ყველაფერი მოჰყვა დაახლოებით ერთთვიან დაძაბულუბას თეირანსა და ვაშინგტონს შორის, რომლებიც ერთმანეთს რეგიონში აგრესიულ ქმედებაში ადანაშაულებენ.

იმ პერიოდში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის 6 ტანკერზე თავდასხმაში დაადანაშაულა, რის გამოც ვაშინგტონმა და ლონდონმა რეგიონში საზღვაო ძალების წარმომადგენლობა გაზარდა.

ახლა არსებობს საფრთხე, რომ ირანი ჰორმუზის სრუტეს სრულად დაბლოკავს. ეს კი მსოფლიო ნავთობის მეხუთედსა და ბუნებრივი აირის მეოთხედზე წვდომას შეზღუდავს. იმ შემთხვევაში თუ ირანი მართლაც გადაწყვეტს სრუტის ბლოკირებას, ეს საწვავზე ფასებს მნიშვნელოვნად გაზრდის.

მოცემულ მომენტში ნავთობის ფასი მერყევია, თუმცა არა საგანგაშო. Brent Crude მარკის ბარელი ნავთობის ფასმა, რომელიც საერთაშორისო ეტალონად ითვლება, ორშაბათს 63,5 დოლარი შეადგინა, რაც 2019 წელს დაფიქსირებულ მაქსიმუმზე 10 დოლარით ნაკლებია.

სალომე აბულაშვილი